საგარეო საქმეთა მინისტრის სკანდინავიური ტურნე – ზალკალიანი სამ ქვეყანას ეწვევა

სკანდინავიის ქვეყნებში ვიზიტის დროს, გარდა ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკებებისა, დაგეგმილია შეხვედრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.
Sputnik

თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სკანდინავიურ ტურნეში გაემგზავრა, რომლის დროსაც ის ეწვევა ფინეთს, ნორვეგიასა და დანიას, აღნიშნულია საგარეო უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ზალკალიანი ოფიციალურ შეხვედრებს 12 ნოემბერს ფინეთში დაიწყებს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრას გამართავს თავის ფინელ კოლეგა ტიმო სოინისთან, რის შემდეგაც გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პრესკონფერენცია.

ნორვეგია საქართველოში საელჩოს გახსნის

საქართველოს პირველი დიპლომატი შეხვედრებს გამართავს ჰიბრიდული საფრთხეების ევროპული ცენტრის წარმომადგენლებთან, ასევე ეწვევა მანერჰეიმის მუზეუმს. საგარეო საქმეთა მინისტრი ფინეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.

ზალკალიანი 13 ნოემბერს ვიზიტს ნორვეგიაში განაგრძობს და სამუშაო შეხვედრას გამართავს ამ ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელ ინე ერიქსენ სორაიდესთან. მოგვიანებით ის ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო ლექციას წაიკითხავს. ზალკალიანი ასევე გაეცნობა ნორვეგიის ეროვნული ბიბლიოთეკის ქართული არქივების გამოფენას.

საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება ნორვეგიის პარლამენტის დეპუტატებს, საგარეო საქმეთა და თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებს.

ზალკალიანი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს, ფინეთის მსგავსად, ნორვეგიაშიც შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება დოკუმენტური ფილმის „ნორვეგიასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დასაწყისი", რომელიც საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნება.

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ფინეთში მერკელს შეხვდა

ნორვეგიაში ზალკალიანი ორ დღეს დაჰყოფს და 15 ნოემბერს დანიის სამეფოში გადაინაცვლებს, სადაც შეხვდება თავის დანიელ კოლეგას ანდერს სამუელსენსა და ინტეგრაციისა და იმიგრაციის მინისტრს ინგერ სტოიბერგს.

დანიაში ზალკალიანი შეხვდება დანიის პარლამენტის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა კომიტეტების წარმომადგენლებს, ასევე კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სამხედრო სწავლებების ცენტრში წაიკითხავს საჯარო ლექციას, რა დროსაც მიმოიხილავს რეგიონში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს დანიაშიც შეხვდება.