თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება მზად არის უპასუხოს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერ პროვოკაციას, განაცხადა ბრიფინგზე თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.
კალაძე ამ განცხადებით გამოეხმაურა პოლიტტექნოლოგ ვიტალი შკლიაროვის ბლოგში გაკეთებულ ჩანაწერს, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში მუშაობს.
ვაშაძე „ნაცმოძრაობის“ წევრია, არჩევნებზე ოპოზიციურ გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმოადგენს. შკლიაროვმა თავის ბლოგში გამოაქვეყნა „სამი დასკვნა საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებიდან“, რომელშიც წერს, რომ დეკემბერში სიტუაცია საქართველოში რადიკალურად შეიძლება შეიცვალოს.
„არის შანსი, რომ მოხდება არა რიგგარეშე „ვარდების რევოლუცია“ ან ხელისუფლების შეცვლა, მაგრამ ცვლილებების მშვიდობიანი და ნამდვილად დემოკრატიული „რევოლუცია“, - დაწერა თავის ბლოგში შკლიაროვმა.
„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, არ მივცემთ მათ არანაირ საშუალებას, სიცრუეზე აგებული პროპაგანდით, საკუთარი დანაშაულების ხელისუფლებაზე გადაბრალებით, მუდმივ სტრესში ამყოფონ ჩვენი საზოგადოება. ამიტომ, ყოველთვის ვამხელთ მათ სიცრუეს და მივაწვდით მოქალაქეებს რეალურ და სწორ ინფორმაციას“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება კარგად არის ინფორმირებული და ნებისმიერი პროვოკაციისთვის მზად არის.
„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ სააკაშვილის, ვაშაძის და მისი რუსი პოლიტტექნოლოგების მიერ დაანონსებული რევოლუციური გეგმების განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძემ ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევას ხელისუფლების უმკაცრესი რეაქცია მოჰყვება.
საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართა. ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვეს სალომე ზურაბიშვილმა (38,64%) და გრიგოლ ვაშაძემ (37,73%). ზურაბიშვილს მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო".
რა უთხრა ილია მეორემ ივანიშვილს: მეუფე შიო შეხვედრის დეტალების შესახებ >>
რადგან 50%-იანი ზღვარი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა, ქვეყანაში მეორე ტური ჩატარდება. კანონმდებლობის თანახმად, ის არაუგვიანეს 2 დეკემბრისა უნდა ჩატარდეს.