საპროტესტო აქცია პარლამენტთან - როგორ ჩაიარა ღამემ

პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირზე 17 კარავი დადგეს
Sputnik

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. მოკლული მოზარდის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი საპროტესტო აქციის გასულმა ღამემ სახელწოდებით „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას“ ექსცესებისა და ინციდენტების გარეშე ჩაიარა, იუწყება პირველი არხი.

აქცია „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას“ პარლამენტის წინ შაბათ საღამოს დაიწყო. ორგანიზატორები წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. შაბათს ისინი მივიდნენ პარლამენტის შენობასთან და კარვების გაშლა სცადეს, მაგრამ თავდაპირველად პოლიციამ ამაში ხელი შეუშალა.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან - როგორ ჩაიარა ღამემ

მოგვიანებით ეს პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, თუმცა შაბათის „ბრძოლა“ არასამთავრობოებმა მოიგეს. მათ კარვების გაშლა მაინც მიხერხეს. მედიის ინფორმაციით, ამ მომენტში პარლამენტის წინ 17 კარავი დგას. ღამით კარვების რაოდენობა მეტი იყო, თუმცა გამთენიისას არასამთავრობოებმა თავისი კარვების დაშლა დაიწყეს და აღნიშნეს, რომ მათ თავის მიზანს მიაღწიეს.

„ჩვენი აქციის მიზანი იყო, რომ ბატონ სარალიძესა და ბატონ მაჩალიკაშვილს ჰქონოდათ უფლება, რუსთაველის გამზირზე განეთავსებინათ კარავი, რომელ უფლებასაც ხელისუფლება უზღუდავდა. ამიტომ ჩვენი აქცია, მათ შორის ჩვენს მიერ კარვების გაშლა იყო სწორედ სოლიდარობის აქცია მათდამი“, - განაცხადა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელმა, გიორგი მშვენიერაძემ.

საპროტესტო აქცია პარლამენტთან - როგორ ჩაიარა ღამემ

კარვების ქალაქის დადგმის გადაწყვეტილება მას შემდეგ არის მიღებული, რაც თბილისის მერიამ სარალიძეს სხვა ადგილას გადასვლა სთხოვა, რადგან პარლამენტის წინ საახალწლო ნაძვის ხე უნდა დაიდგას. სარალიძემ ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადა.

სარალიძე მოითხოვს ყველა იმ პირის დასჯას, ვინც მისი შვილის, დავით სარალიძის მკვლელობაშია გარეული. ის ასევე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.

მკვლელობის საქმე

სარალიძემ საპროტესტო აქცია 31 მაისიდან დაიწყო, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლომ მისი შვილის დავითის და კიდევ ერთი მოზარდის ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოიტანა. სარალიძე და დადუნაშვილი სისხლიან გარჩევას 2017 წლის 1 დეკემბერს შეეწირნენ. სასამართლომ ვერ უპასუხა კითხვას - ვინ მოკლა სარალიძე. საქმეზე დაკავებული ორი ბრალდებულიდან ერთი დადუნაშვილის მკვლელობისთვის გასამართლდა, მეორე - სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვის.

მოზარდების სასტიკი მკვლელობა თბილისში – საქმის ფიგურანტი პირობით სასჯელს მოიხდის

მას შემდეგ, რაც პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, ხოლო შსს გამოძიებაში ჩარევის შესაძლო ფაქტების გამოძიებით დაკავდა, პროტესტი შეწყდა. თუმცა სარალიძე ორივე სტრუქტურის მუშაობით უკმაყოფილო დარჩა და 10 სექტემბერს კვლავ ქუჩაში გავიდა.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. კონფლიქტი 51-ე სკოლაში დაიწყო.