თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა არაკეთილმოსურნეების მხრიდან უცხოეთში პრეზიდენტის არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობის შესახებ.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური – დაუნდობელი ბრძოლა >>
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არაუგვიანეს 2 დეკემბრისა ჩატარდება. საარჩევნო უბნები უცხოეთში მსოფლიოს 39 ქვეყანაში გაიხსნება. კენჭისყრის პროცედურის გასავლელად ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა 11 ნოემბრის საღამომდე უნდა მოასწრონ.
„ბოლო პერიოდში აქტიური ხასიათი მიიღო სოციალურ ქსელებში ცალკეული პირების მხრიდან ცრუ ინფორმაციის, კომენტარების, ვიდეომასალების გავრცელებამ, რომელშიც ცალკეული მოქალაქეები საუბრობენ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებების მხრიდან საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის პროცესისა და არჩევნებში მონაწილეობის მიღების ხელოვნურ შეზღუდვაზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას ყურადღებით სწავლობს.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ მსგავსი ინფორმაციების მომრავლება ატარებს ერთგვარ ტენდენციურ ხასიათს და აშკარაა, რომ გარკვეული ძალების მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს საკონსულო დაწესებულებებისა და ზოგადად, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მიზანმიმართულ კამპანიას“, - განაცხადა თოთლაძემ.
მაგალითის სახით მინისტრის მოადგილემ მოიყვანა Rustavi2-ის სიუჟეტი, რომელშიც შვედეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე ყვება, რომ დიპლომატიურ მისიაში საკონსულო აღრიცხვაზე ვერ დადგა.
სამინისტროს მონაცემებით, ვიდეოს თანახმად, ეს ადამიანი სწორ მისამართზე არ მისულა. მეტიც, სიუჟეტის ეთერში გასვლის მომენტში ეს მოქალაქე უკვე დადგა საკონსულოს აღრიცხვაზე, მაგრამ ტელეარხს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია.
ცვლილებები ცესკოსგან: ვის ეძლევა არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის უფლება >>
საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა უწოდა თოთლაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელზეც საქართველოს მოქალაქეები თურქეთის ქალაქ იზმირში აცხადებენ, რომ საკონსულო აღრიცხვაზე ვერ დგებიან.
თოთლაძემ აღნიშნა, რომ იზმირში საქართველოს საკონსულო და საარჩევნო უბანი საერთოდ არ არსებობს, შესაბამისად, იქ დარეგისტრირება შეუძლებელია.
საკონსულო აღრიცხვაზე დადგომისთვის საჭიროა დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მისვლა ან ანკეტის ონლაინ შევსება. საჭირო ინფორმაციის მიღება შესაძლებელია საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ცხელ ხაზზე - (+995 32) 2 94 50 50.
ანკეტაში საჭიროა აღინიშნოს პირადი მონაცემები, საკონტაქტო ინფორმაცია ადგილმდებარეობის შესახებ, ქვეყანაში შესვლის თარიღი და კონკრეტულ ქვეყანაში ყოფნის მიზეზი, საკუთარი ფოტოს ჩატვირთვა, რომელიც გადაღებულია ბოლო სამი თვის განმავლობაში.
თუ მოქალაქე სხვა ქვეყანაში გადავიდა, მას მოუწევს აღრიცხვაზე ასვლა იქ, სადაც ხმის მიცემას აპირებს.
კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მათ უნდა წარადგინონ საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოქმედი მოწმობა.