სარალიძემ პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ დასახმარებლად ზურაბიშვილს მოუხმო

საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ კარვების გაშლის კანონიერი უფლება გააჩნიათ
Sputnik

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. თბილისში მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდეს და დაეხმაროს მას.

მომიტინგეებმა პოლიციისგან კარვების დაცვა შეძლეს >>

პოლიცია, რომელიც პროტესტის პირველი დღიდან მორიგეობს პარლამენტთან, მთელი ამ დროის განმავლობაში მომიტინგეებს კარვების გაშლას უშლიდა. ამის გამო პოლიციასთან შეხლა-შემოხლა არაერთხელ მოხდა, მაგრამ შაბათის „ბრძოლა“ მოიგეს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, კერძოდ ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებიც სარალიძის დასახმარებლად მივიდნენ.

ექვსი არასამთავრობო ორგანიზაციის საპროტესტო აქცია „კარვებით ვიცავთ თავისუფლებას“ შედგა - პოლიციელებმა მომიტინგეებს რამდენიმე კარავი წაართვეს, თუმცა მომიტინგეებმა რვა კარვის შენარჩუნება და დადგმა მაინც მოხერხეს.

„მივმართავ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს, რომელსაც უნდა, რომ ქვეყნის მომავალი მთავარსარდალი გახდეს – მოვიდეს აქ და ჩვენთვის კონსტიტუციით მონიჭებული უფლების აღსრულებაში დაგვეხმაროს. ხომ უნდა პრეზიდენტობა? მოვიდეს აქ და ჩვენ, საქართველოს სრულუფლებიან მოქალაქეებს დაგვეხმაროს იმ კანონიერი მოთხოვნის შესრულებაში, რასაც საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს. მოვიდეს და პირადად დაგვეხმაროს კარვის გაშლაში”, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პოლიციასთან მომხდარი შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა სარალიძის დედა, შემდეგ კი თავად ზაზა. „სასწრაფო დახმარების“ ბრიგადებმა ისინი რიგ-რიგობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად აქციაზე ზაზა სარალიძის დაბრუნებას ელოდებიან.

ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად მივიდნენ, განაცხადეს, რომ მთელი ღამის განმავლობაში იმორიგევებენ და ღამით კარვების რაოდენობა გაიზრდება. არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის არიან - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „საერთაშორისო საზოგადოება სამართლიანი არჩევნებისთვის“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, „საფარი“ და „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“.

ახალი წელი და ნაძვის ხე არგუმენტი არაა: ომბუდსმენმა მომიტინგეები მერიისგან დაიცვა

კარვების ქალაქის დადგმის გადაწყვეტილება მას შემდეგ არის მიღებული, რაც თბილისის მერიამ სარალიძეს სხვა ადგილას გადასვლა სთხოვა, რადგან პარლამენტის წინ საახალწლო ნაძვის ხე უნდა დაიდგას. სარალიძემ ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადა.

სარალიძე მოითხოვს ყველა იმ პირის დასჯას, ვინც მისი შვილის, დავით სარალიძის მკვლელობაშია გარეული. ის ასევე რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვს.

ამჟამად პარლამენტის წინ დაახლოებით 200 მომიტინგე იმყოფება, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ლიდერები.

არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დაადანაშაულეს პოლიცია მომიტინგეების დარბევაში, რომლებსაც აქვთ კანონიერი უფლება დადგან კარვები ისე, რომ ამან ტრანსპორტის მოძრაობას ან სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციონირებას ხელი არ შეუშალოს.

მოზარდების სასტიკი მკვლელობა თბილისში – საქმის ფიგურანტი პირობით სასჯელს მოიხდის >>

აღნიშნული მოვლენები მიმდინარეობს თბილისის ცენტრში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, რომელშიც „ნაცმოძრაობის“ წევრი გრიგოლ ვაშაძე და სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერს.

მკვლელობის საქმე

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. კონფლიქტი 51-ე სკოლაში დაიწყო.

სასამართლომ ჩხუბის ორ მონაწილეს განაჩენი 6 თვის შემდეგ გამოუტანა. ერთ-ერთი — გ.ბ. დამნაშავედ ცნეს ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში, მეორე ბრალდებული გ.ჯ. დამნაშავედ მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნეს. შესაბამისად, სარალიძის მკვლელის ვინაობა დადგენილი ისევ არ არის, თუმცა პროკურატურა საპირისპირო აზრს იზიარებს.

სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. სარალიძის მამამ განაცხადა, რომ ნამდვილ მკვლელს ხელს აფარებენ, რადგან მას პროკურატურაში ნათესავები ჰყავს. მან პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო.

ტრაგედიის პოლიტიზირება არ შეიძლება – ივანიშვილი სარალიძის დაკავების შესახებ >>

პროტესტის ფონზე გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შსს-მ საპარლამენტო კომისიის დასკვნის საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქმის დეტალების დაფარვის შესახებ და დააკავა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი.

სამი თვის შემდეგ, როდესაც ვერც საპარლამენტო კომისიამ, ვერც შსს-მ ვერ გააკეთეს ის, რასაც მათგან სარალიძე ელოდა, მან პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განაახლა. თავის მხრივ, ხელისუფლება მოუწოდებს მას დაელოდოს ზემდგომი სასამართლო ინსტანციების გადაწყვეტილებას.