დედაქალაქი „თბილისის წიგნის დღეებს" მასპინძლობს

ოთხი დღის განმავლობაში დამთვალიერებლებს ბესტსელერების, ახალი თარგმანებისა თუ ქართველი ავტორების წიგნების შეძენა 50%-მდე ფასდაკლებით შეუძლიათ.
Sputnik

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. თბილისში 8-11 ნოემბერს „თბილისის წიგნის დღეები“ იმართება, სადაც ლიტერატურის მოყვარულებს სხვადასხვა გამოფენებს, პრეზენტაციებს, თემატურ ლექციებსა და სემინარებსა შესთავაზებენ, აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მრავალფეროვან კულტურულ-გასართობ ღონისძიებებთან ერთად ფორუმის სტუმრები ასევე წიგნებზე მნიშვნელოვანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. მრავალფეროვანი გასართობ-შემეცნებითი პროგრამა ელოდებათ პატარა სტუმრებსაც.

„ჩვენი მიზანია ვაქციოთ წიგნის დღეები საქართველოს წიგნის სექტორის შემდგომი განვითარების სამუშაო ლაბორატორიად. ღონისძიების ყველა კომპონენტი დაგეგმილია როგორც შემდგომი პროექტების, ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამების საწყისი წერტილი", – აღნიშნავენ ორგანიზატორები.

გოდერძი ჩოხელის რომანი გერმანულ ენაზე გამოიცა

გამოფენაში მონაწილეობას 50-მდე გამომცემლობა იღებს. ორგანიზატორების თქმით, ოთხი დღის განმავლობაში დამთვალიერებლებს ბესტსელერების, ახალი თარგმანებისა თუ ქართველი ავტორების წიგნების შეძენა 50%-მდე ფასდაკლებით შეუძლიათ.

ტრადიციულად, წიგნების ყიდვა-გაყიდვა საერთაშორისო საგამოფენო ცენტრ Expo Georgia-ში იმართება (აკ. წერეთლის, 118). მე-11 პავილიონი 10:00-დან 18:00 საათამდე იმუშავებს. წიგნების გამოფენაზე დასწრება 2 ლარი ღირს, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის კი უფასოა.

„თბილისის წიგნის დღეები 2018" წიგნის ხელოვნების ცენტრის და „ექსპო ჯორჯიას" ერთობლივი პროექტია. ფესტივალი 2014 წლიდან ტარდება.