თბილისი, 6 ნოემბერი — Sputnik. რიგით მეექვსე კონფერენცია TEDxTbilisi გაიმართება 1 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გზა გაიყვანონ თუ ხე დარგონ - ამას თბილისელები თავად აირჩევენ >>
TED (technology, entertainment, design) - ამერიკული კერძო არაკომერციული ფონდია, რომელიც ცნობილია თავისი ყოველწლიური კონფერენციებით, რომელთა მიზანია უნიკალური იდეების გავრცელება. თემები საკმაოდ ვრცელია - მეცნიერება, ხელოვნება, დიზაინი, პოლიტიკა, კულტურა, ბიზნესი, გლობალური საკითხები, ტექნოლოგია და გართობის სფერო.
TEDx — პროექტი TED-ი, რომელიც ცალკეულ ადამიანებს ან ჯგუფებს სხვადასხვა ქვეყნებში, ქალაქებში, უნივერსიტეტებში TED-ის სტილში დამოუკიდებელი კონფერენციების მოწყობის შესაძლებლობას აძლევს.
თბილისში გამართული წლევანდელი ღონისძიება მოიცავს ფორუმის ორ ასაკობრივ კატეგორიას - ზრდასრულ და ახალგაზრდა სპიკერებს. სპიკერების სია და განსახილველი თემები ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გახდება ცნობილი. ბილეთები უახლოეს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი ვებგვერდზე www.tkt.ge.
სხვადასხვა წლებში TEDxTbilisi-ს სპიკერები იყვნენ მწერალი და პარლამენტის ი. ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, საქართველოს ექს-პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი, კომპანია TBC Holding-ის ხელმძღვანელი მამუკა ხაზარაძე და სხვ.