ცესკო-ში მეორე ტურის თარიღის დანიშვნის შესახებ განმარტება გააკეთეს

ცესკო განიხილავს პირველ ტურში შემოსულ ყველა საჩივარს, ამის შემდეგ კი კენჭისყრის საბოლოო შედეგები გამოცხადდება
Sputnik

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის თარიღის გამოცხადება დამოკიდებულია საჩივრების განხილვის პროცესის დასრულებაზე, განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ.

როგორ ჩატარდა არჩევნები საქართველოში - OSCE, PACE და სხვა ორგანიზაციების შეფასებები >>

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართა. ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვეს სალომე ზურაბიშვილმა (38,64%) და გრიგოლ ვაშაძემ (37,73%). ზურაბიშვილს მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ხოლო ვაშაძე არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წევრი. რადგან 50%-იანი ზღვარი ვერცერთმა მათგანმა ვერ გადალახა, ქვეყანაში მეორე ტური ჩატარდება.

გახარია პირადად გაუწევს კურირებას უსაფრთხოებას არჩევნებზე

„მეორე ტურის თარიღის დადგენა პირველი ტურის საბოლოო შედეგების შეჯამებაზეა დამოკიდებული. 17 ნოემბერი - შედეგების შეჯამების ბოლო ვადაა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თარიღი მაინც და მაინც 17 ნოემბერს გახდება ცნობილი. ეს დამოკიდებულია გასაჩივრების პროცესებზე, და რაც უფრო ადრე დასრულდება ეს პროცესი, მით უფრო ადრე შეაჯამებს საარჩევნო ადმინისტრაცია შედეგებს და მეორე ტურს დანიშნავს“, - განაცხადა მიქელაძემ Новости-Грузия-სთან საუბრისას.

მისი ინფორმაციით, საერთო ჯამში საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით 660 საჩივარი შევიდა.

„ცესკო-ს გვერდზე არსებობს სპეციალური ბანერი - საჩივრების რეესტრი, სადაც ჩატვირთულია ყველა საჩივარი და საოლქო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს ინფორმაცია საჩივრების შესახებ“, - განმარტა მიქელაძემ.

არჩევნების მეორე ტური პირველი ტურის საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან ორ კვირაში დაინიშნება. ამგვარად, საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო მეთაურს არა უგვიანეს 2 დეკემბრისა აირჩევენ.