მთავრობა წლის ბოლოსთვის ლარის გამყარებას ელოდება

ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციას ექსპორტის გაზრდა და ეკონომიკური ზრდა განაპირობებს
Sputnik

თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ქართული ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ ახალი წლისთვის სტაბილური გახდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

ქართული ეროვნული ვალუტის კურსი დოლარის მიმართ ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 4%-ით დაეცა. აგვისტოს დასაწყისიდან ლარის ოფიციალური კურსი 2,5 ნიშნულს ქვემოდ არ ჩამოსულა. თუ 10 აგვისტოს მონაცემებს დღევანდელ კურსს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ ქართული ვალუტა 10%-ით გაუფასურდა.

ლარის კურსი 3 ნოემბერს

„ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა არის ძალიან კარგი. ექსპორტი იზრდება. ჩვენი ეკონომიკა 6%-ით გაიზარდა. ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ლარის კურსზე. მიგვაჩნია, რომ ლარი აბსოლუტურად სტაბილური იქნება და კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას დაუბრუნდება წლის ბოლოსკენ. ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება მომავალი ორი თვის განმავლობაში“, - განაცხადა ქობულიამ.

მან ასევე ლარის კურსის გამყარების მიზეზები დაასახელა.

„ზოგადად, საახალწლოდ ლარის კურსის ტენდენცია არის უფრო გაძლიერებისკენ, რადგანაც საახალწლოდ ვალუტის შემოდინების ტენდენცია გვაქვს, მათ შორის, ტურისტული და პირიქით ზეწოლა არის ლარის გაძლიერებისკენ“, – განაცხადა ქობულიამ.

ლარს არაფრის ეშინია ანუ რა ემართება ქართულ ვალუტას >>

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ ამ უქმეებზე 2,7251 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა. წინა ნიშნულთან შედარებით, ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0081 ლარით დაეცა.