თბილისი, 3 ნოემბერი — Sputnik. ლონდონის „სოთბისის“ (Sotheby's) სააუქციონო სახლში ქართველი მხატვარ ნიკო ფიროსმანის ფერწერული ტილო „ქართველი ქალი ლეჩაქით“ 27 ნოემბერს გამოიფინება, იუწყება პირველი არხი.
ნამუშევარი რუსულ სექციაშია წარმოდგენილი, თუმცა ფრჩხილებში მითითებულია, რომ ნიკო ფიროსმანი ქართველი მხატვარია.
ნახატის სავარაუდო ფასი 500 000- 700 000 ფუნტი სტერლინგია.
ხელოვნებათმცოდნეების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფიროსმანის ნახატი „სოთბისის“ აუქციონის რუსულ სექციაშია წარმოდგენილი, პოზიტიურია, რომ ის ქართველ მხატვრად არის მოხსენიებული.
ხელოვნებათმცოდნეების თვალსაზრისით, ნამუშევრის გამოცხადებული სავარაუდო ფასი დაბალია.
„სოთბისის“ აუქციონის წარმომადგენლები განმარტავენ, რატომ მოხვდა ფიროსმანის ნახატი რუსული მხატვრობის სექციაში. მათი თქმით, „სოთბისის“ ცალკე ქართული სექცია არ აქვს, რადგან ცალკე ქართული სექციის შექმნა არამომგებიანია.
ნახატი 1906 წელს არის შექმნილი და იმდროინდელი ქართველი ქალის იერსახეს ასახავს.
„სოთბისის“ აუქციონზე 28 ნოემბერს ასევე ქართველი მხატვარ დავით გაბიტაშვილის ფერწერული ტილო „ზაფხული სოხუმში“ გამოიფინება.
ბოლო წლების განმავლობაში „სოთბისის“ აუქციონზე უკვე რამდენიმე ქართველი მხატვრის ნამუშევარი გაიყიდა.