სოციალურად დაუცველები მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში დახმარებას შეინარჩუნებენ

საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს, რომ სოციალურად დაუცველმა პირებმა სამუშაო მოძებნონ
Sputnik

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ფულადი დახმარება ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნოს „სოციალურად დაუცველი პირის“ სტატუსის მქონე იმ მოქალაქეებს, რომლებიც შეძლებენ მუშაობის დაწყებას, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

სოციალურად დაუცველები ხშირად აცხადებენ, რომ მუშაობაზე უარს სოციალური დახმარების დაკარგვის გამო ამბობენ.

მითი თუ რეალობა – მთავრობა სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებას 50 ლარამდე გაზრდის

„თუ ადამიანი იღებდა სოციალურ დახმარებას, დაიწყებდა მუშაობას და გაუჩნდებოდა შემოსავალი, ამას პროგრამა ავტომატურად აფიქსირებდა, რაც სოციალური დახმარების შეწყვეტის საფუძველი ხდებოდა. უმოკლეს ვადაში შემუშავდება დადგენილება, რომლის მიხედვითაც, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მუშაობის დაწყებიდან ერთი წლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ფულადი სოციალური დახმარება, მეორე წლის განმავლობაში კი – არაფულადი პრივილეგიები“, – განაცხადა სერგეენკომ.

ფულადი დახმარების გარდა, სოციალურად დაუცველებს სრულად უფინანსდებათ ჯანმრთელობის დაცვა, მათზე გასცემენ უფასო კვებას და ელექტროენერგიის გადასახადის ვაუჩერებს, მოქმედებს ფასდაკლება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე, მედიკამენტების შეძენისას. ასევე, ისინი პრივილეგიებით სარგებლობენ ბავშვების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მიყვანისას.

ამჟამად საქართველოში სოციალურ დახმარებას იღებს 121,3 ათასზე მეტი ოჯახი, რაც ოჯახების მთლიანი რაოდენობის 11,4%–ს შეადგენს.