თბილისი, 2 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში დაიწყო ციტრუსების დაზღვევის პროგრამა, რომლის წყალობით ფერმერები, რომლებსაც მოჰყავთ მანდარინი, ლიმონი, ფორთოხალი და სხვა კულტურები, შეძლებენ ბუნებისგან მიყენებული ზარალის თავიდან არიდებას, ნათქვამია აჭარის მთავრობის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ციტრუსების დაზღვევის პროგრამა საქართველოში 2014 წლიდან მოქმედებს. ფერმერებს შეუძლიათ სადაზღვევო კომპანიებს 5 ნოემბრამდე მიმართონ და დააზღვიონ თავიანთი მოსავალი სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან, საშემოდგომო ყინვისგან.
„ჩვენ ჩავრთეთ ჩვენი მუნიციპალიტეტების სპეციალისტები. ასევე კონტაქტები გვაქვს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და ფაქტობრივად გუშინ ინფორმაცია უკვე გავრცელებული იყო მეციტრუსეების ზონაში დაზღვევის პროგრამის შესახებ“, – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ მამუკა თურმანიძემ ტელეკომპანია Ajara TV-ს ეთერში.
ტელეარხის ინფორმაციით, ამ დროისთვის მოსავლის დაზღვევა სამასამდე ფერმერმა გადაწყვიტა. აგროდაზღვევის პროექტში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს, რომლებსაც ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ არაუმეტეს 5 ჰექტარი ფართობი სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
სადაზღვევო პოლისის ღირებულების 70%-ს სახელმწიფო ფარავს, ხოლო დანარჩენი 30% ფერმერმა თავად უნდა გადაიხადოს.