თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები საფრანგეთში განაგრძობს მზადებას სამი ტესტ–მატჩისთვის, რომლებიც ნოემბერში უნდა გაიმართოს.
მილტონ ჰეიგის გუნდი პირველ თამაშს იტალიის წინააღმდეგ 10 ნოემბერს ჩაატარებს. მატჩი საფეხბურთო კლუბ „ფიორენტინას“ სტადიონ „არტემიო ფრანკიზე“ გაიმართება. ახალი ზელანდიელი სპეციალისტის განკარგულებაში ამჟამად 34 მორაგბეა. ტესტ–მატჩში გუნდის შემადგენლობა სწორედ ამ მორაგბეებიდან შეირჩევა.
„ბევრი ტრავმირებული მოთამაშე გვყავს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ნაკრები მომავალ თამაშებზე ფავორიტების სიაში არ არის და ეს სიმართლეა. მეორე მხრივ, როცა ქართველები „ანდერდოგის“ სტატუსში არიან, ისინი მენტალურად და ფიზიკურად ძლიერდებიან“, – განაცხადა მილტონ ჰეიგმა, იუწყება საქართველოს რაგბის კავშირის პრეს–სამსახური.
იტალიის ნაკრების გარდა, ქართველი მორაგბეები დაუპირისპირდებიან სამოასა და ტონგას გუნდებს. ორივე მატჩი თბილისში გაიმართება.
„მსოფლიო თასამდე 11 თვეზე ნაკლები რჩება და ტესტ–მატჩები ჩვენი მოსამზადებელი გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. გვეძლევა საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა მაღალი დონის გუნდებთან, რომლებიც ასევე ითამაშებენ იაპონიის მსოფლიო თასზე“, – დასძინა მთავარმა მწვრთნელმა.
საქართველოს ნაკრები იტალიას სამჯერ შეხვდა და სამივე მატჩი წააგო. რაც შეეხება სამოასა და ტონგას, აქ უპირატესობა ქართველების მხარესაა – სამოას წინააღმდეგ 2:1 და ტონგას წინააღმდეგ – 4:2.