პრემიერი: რეგიონული მართვის სისტემა არაეფექტურია

მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობა მთავრობის ინიციატივების სიკეთეებით დროულად ვერ სარგებლობს
Sputnik

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს რეგიონებზე, გამოყოფს დიდ თანხებს, მაგრამ არაეფექტური მართვის გამო ინიციატივები მოსახლეობაზე გვიან აისახება, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

„დაწყებული გვქონდა და ვაგრძელებთ ჩვენი რეგიონული მართვის სისტემის რეფორმირებას. ჩვენ გვაქვს ამ სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები არაეფექტურობა, რომელიც აფერხებს იმას, რომ ჩვენ რაც შეიძლება მოკლე ვადაში მივიტანოთ ის კონკრეტული სიკეთე, რომელსაც ესა თუ ის ინიციატივა“, – განაცხადა ბახტაძემ პრეს–კონფერენციაზე.

მისი თქმით, რეგიონებს ფული საკმარისი აქვთ.

„თქვენ თუ შეხედავთ სტატისტიკას და გამოყოფილ ბიუჯეტს, სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, ადგილობრივ დონეზე და ასევე ცენტრალური სისტემის დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია და ძალიან მნიშვნელოვანი თანხებია ამ ყველაფრისთვის გამოყოფილი“, – აღნიშნა პრემიერმა.

სრული მობილიზაცია - „ქართული ოცნება“ მეორე ტურში ბრძოლისთვის ემზადება

ცვლილებების აუცილებლობა რეგიონული მართვის სისტემაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებმაც დაადასტურა, განაცხადა ბახტაძემ.

„ცვლილებები ისედაც გვქონდა გათვალისწინებული და ამ გზავნილმა კიდევ უფრო დაადასტურა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გვჭირდება ძალიან ნიშვნელოვანი ცვლილებები“, – განაცხადა პრემიერმა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც კვირას, 28 ოქტომბერს გაიმართა. ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვეს სალომე ზურაბიშვილმა (38,64%) და გრიგოლ ვაშაძემ (37,73%). ზურაბიშვილს მხარს უჭერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", ხოლო ვაშაძე არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია" წევრი. ზურაბიშვილმა თავის ოპონენტთან ბევრ დიდ ქალაქსა და რიგ რეგიონებში წააგო.