ილია მეორესთან შეხვედრის შედეგები: კანაფის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევენ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა კათოლიკოს-პატრიარქთან სადავო კანონპროექტის საკითხი განიხილა.
Sputnik

თბილისი, 2 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მთავრობა კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს.

ივანიშვილი მარიხუანის ექსპორტის უპირატესობაზე საუბრობს>>>

მთავრობამ სექტემბრის შუა რიცხვებში შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტის ინიცირება მოახდინა, რომელიც კანაფის მოყვანის, მისგან კოსმეტიკური და ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების და ექსპორტზე მისი გატანის წესებს ეხება. აღნიშნულმა ინიციატივამ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, ოპოზიციის და საზოგადოების დიდი ნაწილის პროტესტი გამოიწვია. მოგვიანებით პარლამენტმა კანონპროექტის განხილვის ორი თვით გადადების გადაწყვეტილება მიიღო.

„ქართულ ოცნებას" პირობები წაუყენეს – დაუჭერს თუ არა მხარს „ქართული მარში" ზურაბიშვილს?

„რა თქმა უნდა, არის კონტექსტი და ეს პოლიტიკური კონტექსტია, რომელიც საფუძვლად უდევს ამ საკანონმდებლო ინიციატივას. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ კანონის ირგვლივ კონსენსუსი იქნას მიღწეული. ასეთი კონსენსუსის მიღწევა, მისი პოლიტიკური კონტექსტიდან, მათ შორის, არჩევნებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე შეუძლებელია", – განაცხადა გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამ დასკვნამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის დროს მივიდა, რომელსაც საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

ილია მეორესთან გამართულ შეხვედრაზე გახარიასთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც იმყოფებოდა.