ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ძია მიშას საიდუმლო „მაზი“ და თბილისელად განათვლის საფასური

რუბრიკისათვის „ჟურნალისტი იცვლის პროფესიას“ „Sputnik–საქართველოს“ ჟურნალისტმა შოთა ნოზაძემ ერთი დღით ის პროფესია მოირგო, რომელიც წარსულს ბარდება – ფეხსაცმლის მწმენდავად იქცა
Sputnik

ადრე ერთი დარბაისელი თბილისელისგან მსმენია, თუ გინდა გაიგო, კაცი ნაღდი თბილისელია თუ არა, მაჯაზე მოჰკიდე ხელი, თბილისი ახსენე და თუ გული აუჩქარდება, ესე იგი, თბილისელია და ნაღდი ვიცი, თბილისთან ერთი-ერთზეც დალეული ექნებაო.

მაჯაზე ხელის მოკიდებისა რა გითხრათ, მაგრამ ეს კია, თუ კაცს თბილისელობა უნდა დაიკვეხნოს, „მოსანათლად“ ორი საუკუნით უკან უნდა დაბრუნდეს, როცა „თბილისი იყო ურთიერთობა“ და ფეხით შემოიაროს ქალაქის ქუჩაბანდები, მოხრიალე კონკას შეავლოს თვალი, მზეში განაბულ გოლოვინსკზე გაიაროს და... ფეხსამოსი გააპრიალებინოს ტფილისელ „ჩისტილშიკს“...

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ძია მიშას საიდუმლო „მაზი“ და თბილისელად განათვლის საფასური
შეთვალიერებას შორიდან იწყებს. აკვირდება თქვენი სიარულის მანერას, მიხვრა-მოხვრას და როცა სავარძელში მოკალათდებით, მან უკვე იცის, ვისთან აქვს საქმე. ეგ კი არა, ორჭოფობის გარეშე თქვენ ხასიათსაც დაადგენს, იმიტომ რომ „ფეხსაცმელი კაცის სახეა“. აი, ზუსტად ისე, როგორც ნოდარ დუმბაძის რომანის გმირი ბულიკა: თუ ქუსლები მარჯვენა და მარცხენა მხარეს ნაპირებზეა გაცვეთილი, მაშინვე ხვდება, რომ თავის მსგავს მშრომელ ადამიანთან აქვს საქმე, თუ შიგნითა მხრიდან — ესე იგი, კაცი ჩაკეტილია; მაგრამ თუ ქუსლი საერთოდაც არ არის გაცვეთილი, იცოდეთ, ასეთ კაცს უნდა უფრთხილდეთ...

ჰოდა, წინდაწინ იცის, როგორ გელაპარაკოთ და, მეტიც, რამდენად შეგიფასოთ გაწეული სამსახური.

მზე მთაწმინდიდან ამოვიდა. დაღმართს ჩავყევი. სიგარეტს მოვუკიდე და ქუჩის ბოლოს, ახლანდელ სადგურის მოედანზე ტყავის მაღალ, ცარიელ სავარძელს მივადექი. ანუ სწორად მივედი.

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ძია მიშას საიდუმლო „მაზი“ და თბილისელად განათვლის საფასური
ჩამოვჯექი და თბილისური სალამი მივეცი. თბილისურად მიპასუხა:

— თბილისელად თავი იმან მოიწონოს, ვისაც ერთხელ მაინც გაუპრიალებია ფეხსაცმელი მოხუც „ჩისტილშიკთან“, — მითხრა მიხეილ აკოფოვმა.

— თავად თუ მისულხართ, მიშა ძია, „ჩისტილშიკთან“?

— ძია გენაცვალოს, ჩემზე უკეთ ვინ გაწმენდდა „ტუფლებს“ კიდევაც რომ მივსულიყავი?

— ეგ როგორ, მიშა ძია?! მაშინ არც თქვენ ყოფილხართ თბილისელი...

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ძია მიშას საიდუმლო „მაზი“ და თბილისელად განათვლის საფასური
რას ვიფიქრებდი, აქამდე უნახავი, 80 წელს მიღწეული მიხეილ აკოფოვის თბილისელად „განათვლა“ თუ  მომიწევდა და მე გავულაპლაპებდი ფეხსაცმელს?!

მიხეილ აკოფოვი ათობით წელია, ამ საქმიანობით არჩენს ოჯახს. აბა რა გასაკვირია, „მაზის“ მოხარშვის საკუთარი, საიდუმლო რეცეპტიც თუ აქვს? როცა ამ „მაზით“ ფეხსაცმელს აპრიალებს და მერე ფიჭა სანთელს უსვამს მეორე პირად, ფეხსაცმლის ტყავი თვალდათვალ ცოცხლდება.

— მაგრად გაუსვი, მაგრად! — დამძახის ოსტატი. 

ფეხები ცხვირწინ დამილაგა და წინდები რომ არ დასვროდა, წესის მიხედვით, მუყაო ჩაილაგა ფეხსაცმელში.

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ძია მიშას საიდუმლო „მაზი“ და თბილისელად განათვლის საფასური
გაუსვიო, მითხრა შეგირდს და მეც ვუსვამდი და ვუსვამდი მიშა ძიას ძველი ტყავის ფეხსამოსს ღორის ჯაგრისგან დამზადებულ ორ „ჩოთქს“. მერე, როგორც მასწავლა, მეორე პირი მოდის — ცხენის ძუის დიდი „ჩოთქები“. თუ ფეხსაცმლის რომელიმე კუნჭული გაუპრიალებელი დარჩა, კბილის ჯაგრისიც აქვეა და იმას მივაშველებ...

ამბობს, დღემდე ისეთივე გულმოდგინებით ვმუშაობ, როგორც პირველ დღესო და თან „მაზს“ მაწვდის — არ დაგავიწყდესო.

„ტუფლებს“ საბოლოო ბზინვარებას ხავერდი აძლევს, რომელიც დღეს ძნელად იშოვება. შავი „მაზით“ დათხუპნულ ხელებში „ბარხატი“ მიჭირავს და ვფიქრობ, ცოტა ჭუჭყიანი საქმე კია, მაგრამ ძველი თბილისის ისტორიების „გამაზვა“ მაინც არ ღირს, ტო–მეთქი.

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ძია მიშას საიდუმლო „მაზი“ და თბილისელად განათვლის საფასური
თან ვღიღინებ: 

„მე ფიროსმანის ქუჩაზე ვცხოვრობ და ყოველ დილით ვხვდები ნიკალას,

ჩემი თბილისი და ფიროსმანი, არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა!“

ესეც ასე! პირველ „ნათლულთან“ საქმეს მოვრჩი და კიდევ რამდენიმეს გასტუმრებაც მოვასწარი.

მოვიდოდნენ, მაღალ სავარძელში ჩასხდებოდნენ, მასლაათს გაგვიბამდნენ ან გაზეთს გადაშლიდნენ და იწყებოდა ტფილისელად „განათვლის“ პროცესი. საქმეში 2-3 ლარს ვიღებდი. ძია მიშამ ასე მასწავლა, თუ მუშტარი ფასს არ მკითხავდა და ისე მოკალათდებოდა სავარძელში, მაშინ სამი ლარი უნდა მეთქვა, თუ მკითხავდა, მაშინ 2 ლარი, რომ მუშტარი არ დამეკარგა და „სკამი არ გაციებულიყო“...

ჟურნალისტი იცვლის პროფესიას: ძია მიშას საიდუმლო „მაზი“ და თბილისელად განათვლის საფასური

მერე მზე თვალს მიეფარა და სამუშაო დღეც დამთავრდა. ბოლო კლიენტი გავუშვი და მიშა ძიამ სინანულით შემომჩივლა, ბოტასების მოდა არ მომწონს, თბილისური ეზოებიდან გამოსული ბოტასიანი ტიპების დანახვაზე ვხვდები, რომ ქალაქში „ჩისტილშიკების“ ბოლო თაობაღა დავრჩითო.

არადა, მართლაც რა „უმოწყალოდ“ აცვიათ ახალგაზრდებს, და არა მარტო ახალგაზრდებს ბოტასები...