თბილისი, 31 ოქტომბერი — Sputnik. დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია „პობედამ“, რომელიც ჯგუფ Аэрофлот-ში შედის, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან რუსეთის რიგი რეგიონებიდან თბილისის მიმართულებით ფრენების განხორციელების ნებართვა მიიღო.
მანამდე ავიაკომპანიაში განაცხადეს, რომ 2018 წლის 1 ნოემბრამდე იძულებულები არიან გააუქმონ დაგეგმილი რეისები თბილისის მიმართულებით სანქტ-პეტერბურგიდან, ეკატერინბურგიდან, ყაზანიდან და პერმიდან, რადგან საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ უარი განაცხადა აღნიშნული მარშრუტებით ფრენების განხორციელებაზე ნებართვის გაცემაზე.
„დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „პობედა“ სრული მოცულობით განახორციელებს ყველა რეისს თბილისის მიმართულებით სანქტ-პეტერბურგიდან, ეკატერინბურგიდან, ყაზანიდან და პერმიდან, რომელიც 2018 წლის 2 ნოემბრიდან არის დაგეგმილი. საქართველოს ავიახელისუფლებამ ყველა მარშრუტით ფრენების განხორციელებაზე ნებართვა გასცა“, - აღნიშნულია გადამზიდავის განცხადებაში.
„პობედა“ ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის მიმართულებით სანქტ-პეტერბურგიდან, ეკატერინბურგიდან, ყაზანიდან და პერმიდან ყველა რეისის გაფრენის დრო კორექტირებულია.
შესაბამისი ინფორმაცია თითოეულ კლიენტს ინდივიდუალურად მიეწოდება, აღნიშნეს ავიაკომპანიაში.
თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კომპანია „პობედას“ ავიაბილეთების ღირებულება 140-დან 600 ლარამდე მერყეობს - რეისის თარიღის მიხედვით.