სალომე ზურაბიშვილი: „მზად ვარ ბრძოლისთვის“

მმართველი პარტიის მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა პირველ ტურში პირველი ადგილი გამარჯვებად შეაფასა
Sputnik

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დამოუკიდებელი საქართველო“ უჭერდა, მეორე ტურში ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

„საქართველოში ფსონი ბევრ რამეზე არის დადებული“ – PACE-ს წარმომადგენელი მეორე ტურის შესახებ

„მზად ვართ მეორე ტურისთვის, მზად ვართ ბრძოლისთვის, რადგან მჯერა თქვენი, ვინც დღეს მისმენთ, მჯერა თქვენი არჩევანის, მჯერა თქვენი სიბრძნის. მჯერა იმის, რომ თქვენ იცით, რა მინდა საქართველოსთვის. თქვენც კარგად ხვდებით, რომ დღეს არ არის არჩევანი ორი პარტიას შორის, დღეს არჩევანია ორ საქართველოს შორის. როგორი გვინდა ეს საქართველო, ეს არის არჩევანი და ეს არის მეორე ტური. ჩვენ ეს არჩევანი ერთად უნდა გავაკეთოთ. მე მჯერა თქვენი. მივდივარ ბრძოლაში, ყველანი მივდივართ ერთად, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ მხარეს არის სიმართლე ევროპა საქართველოს თანამედროვე მომავალი. ერთად საქართველოსთვის!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე სალომე ზურაბიშვილმა, ფაქტობრივად, ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს მხოლოდ ერთი პროცენტით გაუსწრო -  მან ხმათა 38,64% მიიღო,  ხოლო ვაშაძემ - 37,74%. მიუხედავად ასეთი მცირე სხვაობისა, სალომე ზურაბიშვილმა პირველ ტურში პირველი ადგილი გამარჯვებად შეაფასა.

არჩევნები საქართველოში: ახალქალაქში ოპოზიციის მომხრეებს გაუსწორდნენ

„შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რომ ეს არ არის ის გამარჯვება, შეიძლება ველოდით მეტს, მაგრამ პირველ ტურში პირველი ადგილი ეს არის გამარჯვება. ყველაფრის მიუხედავად, ძალიან ბინძური კამპანიის, ცილისწამების, ყველა იმ ხერხების და მეთოდების, რომელიც ეკუთვნის რუსულ ტექნოლოგიას, პირველი ადგილი პირველ ტურში. „რუსთავი 2“ ფიქრობს და აჯერებს ხალხს, რომ შეიძლება, მოვხსნა კანდიდატურა და რა? ვაშაძეს და რუსეთს დავუთმო ქვეყანა? მხარდამჭერები და თანამებრძოლები მივატოვო შუა ბრძოლაში? მე მგონი, არ მიცნობენ კახელიც ვარ და მეგრელიც. ჯიუტი, ბოლომდე წამსვლელი, ჩემი ხალხისა და ქვეყნის ერთგული”– განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა  ყველას,  ვინც არჩევნებზე მას მხარი დაუჭირა.

არჩევნების საბოლოო შედეგებს ცესკო 17 ნოემბრამდე გამოაცხადებს, ორი კვირის შემდეგ კი მეორე ტური გაიმართება.