გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დათა ახალაიას 7,5 წლით პატიმრობა მიესაჯა

მსჯავრდებული 2012 წლიდან არ იმყოფება საქართველოში, ხოლო ინტერპოლმა მისი ძებნა 2016 წლიდან შეწყვიტა.
Sputnik

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის (კუდ) ყოფილი დირექტორი დათა ახალაია „საქართველოს გაერთიანებული ბანკის“ თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე რამდენიმე მუხლით დამნაშავედ ცნო და დაუსწრებლად 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ნათქვამია მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სანდრო გირგვლიანი 2006 წლის 28 იანვარს თბილისის ცენტრში მდებარე „შარდენ–ბარში“ შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებთან მომხდარი კამათიდან რამდენიმე საათში ოქროყანის სასაფლაოზე გარდაცვლილი იპოვეს. 2006 წელს გირგვლიანის საქმეზე სასამართლომ შსს-ს ოთხ თანამშრომელს განაჩენი გამოუტანა და 6-დან 7 წლამდე პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისინი შეიწყალა და მათი პატიმრობის ვადა ორჯერ შემცირდა.

„ოცნების“ იდეა, პრეზიდენტის წინადადება - „გირგვლიანის ცვლილებები“ ყურადღების ცენტრშია >>

შსს-ს თანამშრომლების გათავისუფლების შემდეგ დაღუპულის ოჯახმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 2011 წელს სასამართლომ საქართველოს მთავრობას გირგვლიანის ოჯახისთვის 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.

გირგვლიანის მკვლელობის განმეორებითი გამოძიება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წელს დაიწყო, მაგრამ დათა ახალაიამ იმ დროისათვის საქართველო უკვე დატოვა. ხელისუფლებამ ის საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადეს, მაგრამ ინტერპოლმა მისი ძებნა 2016 წლიდან შეწყვიტა.

როგორ მოკლეს გირგვლიანი

პროკურატურის მასალებით, 2006 წლის 27 იანვარს სანდრო გირგვლიანი „შარდენ–ბარში“ ეკამათა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლეს თამარ სალაყაიას და თათია მაისურაძეს, რომელიც მაგიდასთან ახალაიასთან ერთად იჯდა. ახალაიამ ბარში გამოიძახა კუდ-ის თანამშრომლები, რომლებმაც მისი დავალებით გირგვლიანი და მისი მეგობარი სოფელ ოქროყანის სასაფლაოზე აიყვანეს.

„ცინიზმი და უზნეობა“ – ივანიშვილი სარალიძისა და გირგვლიანის საქმეების შედარების თაობაზე

კუდ-ის თანამშრომლებმა გირგვლიანი და მისი მეგობარი გააშიშვლეს და ყინვაში დგომა აიძულეს, შემდეგ კი ცემა დაუწყეს. გირგვლიანის ცხედარი მეორე დღეს სასაფლაოსთან ახლოს იპოვეს, ნათქვამია უწყების მასალებში.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ იმ მომენტში შსს-ს ხელმძღვანელობამ მიიჩნია, რომ აღნიშნული დანაშაული უარყოფითად აისახებოდა ხელისუფლების რეიტინგსა და ავტორიტეტზე, გაიზრდებოდა საზოგადოების უკმაყოფილება და დადგებოდა როგორც ახალაიას, ისე მერაბიშვილის პოლიტიკური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი.

აღნიშნული საფრთხეების თავიდან ასაცილებლად მერაბიშვილმა, დათა ახალაიამ და მისმა ძმამ ბაჩო ახალაიამ, რომელიც იმ დროს საქართველოს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი იყო, გირგვლიანის მიმართ ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, სისხლის სამართლის საქმის ფალსიფიკაციის მიზნით სპეციალური გეგმა შეიმუშავეს.

პროკურატურის მტკიცებით, გვირგვლიანის საქმის გამოძიებას, მერაბიშვილის გადაწყვეტილებით, თავად ახალაია ჩაუდგა სათავეში. მან 2006 წლის თებერვალში გირგვლიანის გატაცებაში მონაწილე კუდ-ის თანამშრომლები შეკრიბა და კატეგორიულად განუცხადა, რომ შექმნილი რთული ვითარებიდან გამომდინარე საჭირო იყო რამდენიმე მათგანს თავის თავზე აეღო პასუხისმგებლობა, არ დაესახელებინათ დანაშაულის შემკვეთები და უშუალო მონაწილე სხვა მაღალი თანამდებობის პირები. ამის სანაცვლოდ ისინი მსუბუქი ბრალდებით გასამართლდებოდნენ და პრეზიდენტ სააკაშვილის შეწყალებით ხანმოკლე ვადაში გათავისუფლდებოდნენ.

ფარული ჩანაწერების საქმე - „ბიჭუნების" თვითშემოქმედება თუ „იდიოტი პრეზიდენტი"

ახალაია ასევე თითოეულს დაჰპირდა საპატიმროში ყოფნის პერიოდში ოჯახური ყოფითი პრობლემების მოგვარებას, სოლიდურ თანხებს და სასჯელის მოხდის პერიოდში პრივილეგირებული პირობების შექმნას.

ამის შემდეგ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, 2006 წლის მარტში საჯაროდ გაცხადდა, თითქოს დავით ახალაიას უშუალო ძალისხმევით გამოვლინდნენ ალექსანდრე გირგვლიანის მიმართ ჩადენილ დანაშაულში მონაწილე პირები – კუდ-ის თანამშრომლები გერონტი ალანია, ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე და ავთანდილ აფციაური, ხოლო დანაშაულის ერთ-ერთი თანამონაწილე დავით ქოქიაშვილი საერთოდ განრიდებულ იქნა საქმიდან.  

სასამართლოს გადაწყვეტილებით გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, მიხეილ ბიბილურიძე და ალექსანდრე ღაჭავა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად გირგვლიანის მკვლელობის საქმეში და გერონტი ალანიას  თავისუფლების აღკვეთა 7 წლით და 6 თვით, ხოლო მიხეილ ბიბილურიძეს, ავთანდილ აფციაურს და ალექსანდრე ღაჭავას – 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მერაბიშვილი სასჯელს გირგვლიანის მკვლელობისთვის მოიხდის >>

აღნიშნული პირები, ახალაიას დაპირებისამებრ, საპატიმროში პრივილეგირებული მდგომარეობით სარგებლობდნენ, გარდა ამისა, თითოეულ მათგანს ეტაპობრივად 100 000 აშშ დოლარი გადაეცა. 2008 წლის ნოემბერში სააკაშვილმა შეიწყალა შსს-ს თანამშრომლები და საპატიმრო ვადები გაუნახევრა, რის შედეგადაც ისინი პირობით ვადამდე გათავისუფლდნენ.

ახალაიას კიდევ ერთი დანაშაული

გირგვლიანის საქმის გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ ახალაიამ კიდევ ერთი დანაშაული ჩაიდინა.

კერძოდ, 2005 წლის სექტემბერში ვინმე ვამეხ აბულაშვილის მეგობარმა ქალმა მას აცნობა, რომ მას მობილურ ტელეფონზე „დათოს“ სახელით უცნობი მამაკაცი უკავშირდებოდა და შეხვედრას სთხოვდა. ოქტომბერში აბულაშვილმა თავად დაურეკა „დათოს“ და სთხოვა მას, არ შეეწუხებინა მისი მეგობარი ქალი. „დათო“ აღმოჩნდა დათა ახალაია.

პრემიერ-მინისტრი: სააკაშვილის მოქალაქეობა ჩემი საქმე არ არის

პროკურატურის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის დროს აბულაშვილმა და ახალაიამ იკამათეს. რამდენიმე დღეში ახალაიამ შურისძიება გადაწყვიტა. კუდ-ის თანამშრომლებმა ახალაიას დავალებით და უშუალო მონაწილეობით თბილისში თავისუფლების მოედნიდან გაიტაცეს აბულაშვილი და მისი მეგობარი კახა დაბრუნდაშვილი. გირგვლიანის მსგავსად, ისინიც ოქროყანის სასაფლაოზე აიყვანეს და სცემეს, შემდეგ კი გააფრთხილეს, რომ თუ ვინმეს მომხდარის შესახებ გაუმხელდნენ, მათი და მათი ოჯახის წევრების ლიკვიდაცია მოხდებოდა.

საბოლოო ჯამში, თბილისის სასამართლომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ახალაია დამნაშავედ ცნო მუხლებით - „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება“, „თავისუფლების უკანონო აღკვეთის ორგანიზება“, „თავისუფლების უკანონო აღკვეთა“, „დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა“ და „სამსახურებრივი სიყალბე“.

რაც შეეხება აბულაშვილის და დაბრუნდაშვილის გატაცების ეპიზოდს, ახალაიას ბრალი წარედგინა მუხლით „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით“.

ბაქრაძე გამარჯვების შემთხვევაში მერაბიშვილს შეიწყალებს >>

აღნიშნული ბრალდება გადაკვალიფიცირდა მუხლით „სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით, იარაღის გამოყენებით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით“. ამ ეპიზოდზე დავით ახალაია ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი  მუხლით „თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი პირის მიმართ, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის მუქარით“.

ახალაია ასევე დამნაშავედ იქნა ცნობილი მუხლით „პირის დამცირება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებს, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად“.

აღსანიშნავია, რომ გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოუტანეს რვა პირს, მათ შორის მერაბიშვილსა და სააკაშვილს. 2014 წლის ოქტომბერში თბილისის სასამართლომ მერაბიშვილს 3 წლით პატიმრობა შეუფარდა. რაც შეეხება სააკაშვილს, მიმდინარე წლის იანვარში თბილისის სასამართლომ მას დაუსწრებლად ასევე 3 წლით პატიმრობა შეუფარდა.

გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებები ასევე ბაჩო ახალაიას წარედგინა.