თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა ყველა საარჩევნო უბნიდან.
შედეგების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილს აქვს 38,64%, ხოლო მის მთავარ კონკურენტ გრიგოლ ვაშაძეს – 37,74%.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, ისევე, როგორც უცხოეთის 40 ქვეყანაში, საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 28 ოქტომბერს გაიმართა. ამომრჩევლის აქტივობამ დაახლოებით 47% შეადგინა.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობა ვერ დააგროვა ვერც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია, სალომე ზურაბიშვილმა და ვერც გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.
არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა უნდა მიიღოს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი, ხოლო მეორე ტურში გამარჯვებული იქნება ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს.
ცესკო საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს არაუგვიანეს 17 ნოემბრისა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.