„ნაცმოძრაობის“ რეინკარნაცია დაიწყო?

საქართველოს ისტორიაში პირველად საპრეზიდენტო მარათონი მეორე ტურზე გადავიდა.
Sputnik

ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი მონაცემების საფუძველზე გაჩნდა შეკითხვა – რატომ ვერ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“ გამოენახა ისეთი კანდიდატი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუპირისპირდებოდა და რეალურად მიიღებდა საზოგადოების გარანტირებულ ნდობას პირველივე ტურში. ფაქტია, რომ ეს არ მოხდა. მოხდა პირიქით – შეიძლება ითქვას, რომ დაიწყო „ნაციონალური მოძრაობის“ რეინკარნაციის პროცესი.

მიღებული ხმების რაოდენობით თუ ვიმსჯელებთ, ცალსახაა, რომ მეორე ტურში ერთმანეთს სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე დაუპირისპირდებიან. პოლიტიკური სურათი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ გრიგოლ ვაშაძის ირგვლივ მოხდება მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება.

მეორე ტურის რეალურ შედეგად საქართველომ შეიძლება მიიღოს ხელისუფლების ხავერდოვანი ცვლილება და ბიძინა ივანიშვილის მიერ წინა ხელისუფლებისათვის ძალაუფლების უკან დაბრუნების პროცესი.

არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია

ზოგადად, თუ გადავხედავთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წლებს, მმართველი გუნდის ლიდერები თავიანთი პოლიტიკური მოღვაწეობის პერიოდში თანამშრომლობას ოპოზიციასთან და განსაკუთრებით წინა ხელისუფლების წარმომადგენლებთან - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებთან ე.წ. კოჰაბიტაციის ფარგლებში აწარმობდნენ. სხვათა შორის, ქართული საზოგადოების დიდ ნაწილს „ქართული ოცნების“, ასე ვთქვათ, ამგვარი ლოიალური მიდგომა წინა ხელისუფლების წარმომადგენებისადმი საკმაოდ აღიზიანებდა. თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან და, განსაკუთრებით, 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ყველაფერი კარგად დადგმული სცენარით მიმდინარეობდა...

ცესკო: ზურაბიშვილისა და ვაშაძის ხმები თითქმის თანაბარია, გაიმართება მეორე ტური

მით უმეტეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხელისუფლება ბოლო პერიოდში არ გამოირჩეოდა ქვეყნის განვითარებისთვის რაიმე სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯებით, რითიც ძალიან დამძიმდა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და ეს პირველ რიგში აისახა მოსახლეობაზე და ლოგიკურად – საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. საპრეზიდენტო არჩევნებზე მხოლოდ 46% მივიდა, რითიც ნათელია, რომ საზოგადოებამ უარი უთხრა ივანიშვილს და, შეიძლება ითქვას, ბოიკოტიც კი გამოუცხადა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ამ დროისათვის გამოქვეყნებული პირველადი მონაცემებით, დათვლილია უბნების 99,97% და კანდიდატებმა პროცენტულად ხმების შემდეგი რაოდენობა მოიპოვეს:

სალომე ზურაბიშვილი - დამოუკიდებელი კანდიდატი 38,63%

გრიგოლ ვაშაძე - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 37,74%

დავით ბაქრაძე - “ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“  - 10,97%

შალვა  ნათელაშვილი - “საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – 3,74%

ვინ აირჩია თბილისმა: სალომე ზურაბიშვილი VS გრიგოლ ვაშაძე

კახა კუკავა - “თავისუფალი საქართველო“ – 1,33%

დავით უსუფაშვილი - “თავისუფალი დემოკრატები“ – 2,26%

ზურაბ ჯაფარიძე - “გირჩი“ – 2,26%

უნდა აღინიშნოს, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში დღის წესრიგში დადგა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ჩატარების საკითხი. ცესკოს ჯერ არ დაუნიშნავს მეორე ტურის გამართვის კონკრეტული თარიღი, თუმცა ცნობილია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური არაუგვიანეს 2 დეკემბრისა უნდა გაიმართოს.