ცესკო: ზურაბიშვილისა და ვაშაძის ხმები თითქმის თანაბარია, გაიმართება მეორე ტური

საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას ვერ იღებენ ვერც სალომე ზურაბიშვილი და ვერც გრიგოლ ვაშაძე.
Sputnik

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იღებს ხმების 38,63%-ს, ხოლო მისი კონკურენტი გრიგოლ ვაშაძე – 37,74%-ს – ასეთია ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წინასწარი მონაცემები უბნების 99,95%-ის შედეგების დათვლის შედეგად.

ამგვარად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას ვერ იღებენ ვერც დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია, სალომე ზურაბიშვილი და ვერც გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე.

ირაკლი კობახიძე: ცოტა დაგვაკლდა პირველ ტურში გასამარჯვებლად

„საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, რომელთა უმრავლესობაზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ ადგილზევე მოახდინა მყისიერი რეაგირება“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ.

ხმების დათვლის შედეგად მესამე ადგილზეა დავით ბაქრაძე (10,97%), რომელმაც ეგზიტპოლების გამოცხადებისთანავე თავის ამომრჩევლებს მოუწოდა, მეორე ტურის გამართვის შემთხვევაში ვაშაძეს მისცენ ხმა.

ცესკო საბოლოო შედეგებს გამოაქვეყნებს არაუგვიანეს 17 ნოემბრისა, ხოლო ერთი კვირის შემდეგ გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური.

არჩევნების პირველივე ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა უნდა მიიღოს არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტი, ხოლო მეორე ტურში გამარჯვებული იქნება ის, ვინც მეტ ხმას მიიღებს.