არჩევნების მეორე ტური და მოსალოდნელი პროცედურული ომი

ექსპერტები კიდევ დიდხანს იმსჯელებენ თემაზე – რამ განაპირობა 2018 წლის არჩევნების მარცხი სახელისუფლებო გუნდისათვის.
Sputnik

დღეს უკვე „ოცნების“ ლიდერებიც აღიარებენ, რომ გარდა სახელისუფლებო კანდიდატის არასწორი შერჩევისა, „ნაციონალების“ ასეთი მხარდაჭერა და მათი მობრუნება ქვეყნის მართვის სადავეებთან რიგი სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო ხდება.

„ქართულ ოცნებას“ ამარცხებს საკუთარი თავი", – ასეთი შეფასება მისცა მომხდარს ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე კი დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში მთელი სახელისუფლებო რესურსის მობილიზებით სალომე ზურაბიშვილი მაინც გაიმარჯვებს.

თუმცა ასეთი დარწმუნებული არ არიან სხვა ექსპერტები. საქმე ისაა, რომ დღევანდელი მდგომარეობით გრიგოლ ვაშაძეს საკმაოდ მოტივირებული და დარაზმული მომხრეები ჰყავს. მან მოიგო თბილისი, რომელიც ტონის მიმცემია მთელი საქართველოსათვის, და მას მხარდაჭერას უცხადებს დავით ბაქრაძე, რომელსაც მოსახლეობის ლამის 11 პროცენტი ენდო. 37-ს რომ 11 დავამატოთ, 48 გამოდის. საიდან უნდა შეივსოს ზურაბიშვილის 38 პროცენტი 48-მდე, ჩვენთვის უცნობია.

„ნაცმოძრაობის“ რეინკარნაცია დაიწყო?

სალომე ზურაბიშვილის გამარჯვების შემთხვევაში კიდევ ერთი არჩევნები გველის – მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტში ზურაბიშვილის ადგილმონაცვლის ასარჩევად. ამავე დროს მოსალოდნელია, რომ ხელისუფლებაში გარკვეული საკადრო ცვლილებები მოხდება.

აი, რა მოხდება გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, თეორიულად ეს უფრო საინტერესოა. ის არ მალავს, რომ პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს, ვანო მერაბიშვილს და ბაჩო ახალაიას შეიწყალებს, დაითხოვს არსებულ პარლამენტს და დანიშნავს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს. ეს კი პროცედურულ ომთან და პარტიების პოლიტიკურ ინტერესებთანაა დაკავშირებული.

კონსტიტუციის მე-80 მუხლი, რომელიც პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნას ეხება, საკმაოდ ბუნდოვანია. თუმცა პროცედურულად ყოველთვის შეიძლება მოიძებნოს პარლამენტის დათხოვნის მიზეზი – ბიუჯეტის შეუსრულებლობა იქნება ეს თუ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ფაქტობრივად, საპარლამენტო არჩევნები სიტუაციას განმუხტავს, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ ამით „ქართული ოცნება“ არა მხოლოდ უმრავლესობას დაკარგავს...

არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 2 დეკემბერია

კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე თვლის, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის საფუძვლები საკმაოდ ბუნდოვანია და ის მრავალგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

რატომაა მიმზიდველი არჩევნები დანარჩენი პარტიებისათვის? – მათ შანსი უჩნდებათ შევიდნენ პარლამენტში და მონაწილეობა მიიღონ მთავრობის ფორმირებაში.

ესაა გაერთიანებული ოპოზიციის ქართული ოცნება. თუმცა ამ ქვეყანაში რომ პროგნოზები უმადური საქმეა, ეს ეგზიტპოლებმაც აჩვენა. ჯერ საქართველოში ასეთი დიდი ცდომილების მქონე ეგზიტპოლები არ ჩატარებულა.

ასეა თუ ისე, საინტერესო პოლიტიკური შემოდგომა-ზამთარი გველის. ნაკლებად სავარაუდოა, რომ გაზაფხულზე რიგგარეშე არჩევნები შედგეს, თუმცა 2019 წლის შემოდგომაზე არც ესაა გამორიცხული. ამასობაში ხალხს ნორმალური ცხოვრება, ლარის კურსის დასტაბილურება და პროდუქტებსა და მედიკამენტებზე გაძვირებული ფასები ადარდებს... ძნელი სათქმელია, რამდენად გადაჭრის ამ პრობლემებს საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა, წესით, ხელისუფლება რომ უნდა შეაფხიზლოს, ფაქტია.