თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში, 59-ე საარჩევნო უბანზე ,ორი ადამიანი დააკავა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ მარნეულის რაიონის სოფელ იმირში, 59-ე საარჩევნო უბანზე კომისიის ერთ-ერთ წევრზე მოხდა ფიზიკური ძალადობა.
შსს-ს ცნობით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყოვნებლივ გამოცხადნენ აღნიშნულ უბანზე, სადაც პარტია „ნაციონალური მოძრაობის" წევრსა და პარტია „ქართული ოცნების" წევრს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ხდებოდა.
აღნიშნული პირებს პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, თუმცა, ისინი არ დაემორჩილნენ სამართალდამცველებს, რის გამოც აღნიშნული წევრები დააკავეს.
პირველი დარღვევები საარჩევნო უბნებზე: ცესკოსა და არასამთავრობო სექტორის მონაცემები>>>
გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას გულისხმობს.
საქართველოში 28 ოქტომბერს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საქართველოს მოქალაქეებმა არჩევანი 25 კანდიდატს შორის უნდა გააკეთონ.
ოპოზიციურმა გაერთიანება "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატად "ნაცმოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე წამოაყენა. ამ არჩევნებზე მმართველმა პარტიამ საკუთარი კანდიდატურა არ დაასახელა და მხარს დამოუკიდებელ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უჭერს.