კვირიკაშვილი: მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც არის ნაკარნახევი პასუხისმგებლობის გრძნობით

Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა საბურთალოზე, 64-ე საჯარო სკოლაში გახსნილ N24-ე უბანზე მიიღო.

გიორგი კვირიკაშვილი საარჩევნო უბანზე შვილთან ერთად იმყოფებოდა.

საქართველოს პრემიერმა ხმა საქართველოს განვითარებას მისცა

„ხმა მივეცი კანდიდატს და მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც არის ნაკარნახევი პასუხისმგებლობის გრძნობით საქართველოს მომავლის წინაშე, ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია ჩემი აზრით და ძალიან მნიშვნელოვანია არჩევანი, რომელსაც მოსახლეობა გააკეთებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან.

დღეს საქართველოს მოსახლეობა ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს 6 წლის ვადით. ეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ბოლო შემთხვევაა. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 25 კანდიდატს შორის მოუწევს, რომელთაგან 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.

ცესკოს მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე 3 მილიონ 518 ათას 877 ამომრჩეველია რეგისტრირებული.