თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და წყნარ ვითარებაში, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან მთაწმინდის საარჩევნო ოლქში, სადაც საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
„რაც შეეხება ჩემს არჩევანს, სიმბოლურია, რადგან ჩვენ აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის 100 წლისთავს და რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ უფრო მეტი კავშირი ჰქონდეს ამ უდიდეს გამოცდილებას. ეს ისტორიული კავშირი დღეს რომ აღდგება და გაგვიხსნის გზას ეროვნული, დამოუკიდებელი, ერთიანი ქვეყნის მომავლისკენ, ეს არის დიდი მიღწევა და სიმბოლურად ჩემი არჩევანიც ამას გააკეთებს", - განაცხადა გახარიამ.
მისი განმარტებით, თითოეული პოლიციელი მზად არის, რომ მოქალაქეებმა არჩევანი უსაფრთხო და მშვიდ გარემოში გააკეთონ.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო სრულ მზადყოფნაშია იმისთვის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით არჩევნები ჩატარდეს მშვიდ და წყნარ ვითარებაში. თითოეული პოლიციელი მზადაა, რომ მოქალაქეებმა არჩევანი გააკეთონ უსაფრთხო და მშვიდ გარემოში... ამ მიზნის მისაღწევად საპოლიციო ძალები გადაადგილდება იმ საჭიროებით, რა საჭიროებითაც ჩვენ ჩავთვლით აუცილებლად", - განაცხადა შს მინისტრმა.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 25 კანდიდატს შორის მოუწევს, რომელთაგან 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი წესით არჩევნები, რომლის უფლებამოსილების ვადა ხუთი წლის ნაცვლად, ექვსი წელი იქნება. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც საარჩევნო კოლეგია იარჩევს.
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.