„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა არჩევანი გააკეთა

დღეს საქართველოს მოსახლეობა  ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს 6 წლის ვადით. ეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ბოლო შემთხვევაა.
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. პოლიტიკური პარტია „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ უკვე გააკეთა არჩევანი და „მშვიდობიან, უკეთეს და საიმედო ევროპულ ხვალინდელ დღეს“ მისცა ხმა.

პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე N 27 საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. 

„ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ნამდვილად სჭირდება ცვლილებები, საზოგადოებას სჭირდება უკეთესი და საიმედო ხვალინდელი დღე და, რაც მთავარია, სჭირდება, რომ საქართველოს მომავალი იყოს მშვიდობიანი და ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე. ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხი მხარს დაუჭერს მშვიდობიან, უკეთეს და საიმედო ევროპულ ხვალინდელ დღეს. ამიტომ მჯერა, რომ ყველა მოვა და გააკეთებს არჩევანს უკეთესი მომავლის სასარგებლოდ“, - განუცხადა ბაქრაძემ მედიას.

პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, განიხილავს თუ არა იგი მეორე ტურის შესაძლებლობას. დავით ბაქრაძის თქმით, ის არა მარტო უშვებს მოვლენების ამგვარ განვითარებას, არამედ მიაჩნია, რომ დიდი ალბათობით, მეორე ტური გაიმართება. 

საქართველოს პრემიერმა ხმა საქართველოს განვითარებას მისცა

„რა თქმა უნდა, მეორე ტური შესაძლებელია და უფრო მეტსაც ვიტყვი, მაღალი ალბათობა არსებობს ძალიან მეორე ტურის. დაველოდოთ, ნუ გავასწრებთ მოვლენებს, მე ვიბრძვი გამარჯვებისთვის, მათ შორის იქნება ეს პირველი ტური თუ მეორე ტური. ამოცანაა რომ გავიმარჯვოთ, ამოცანაა რომ წავიყვანოთ ქვეყანა წინ. ამოცანაა რომ საქართველოში, სიმშვიდით, მშვიდობით შევცვალოთ ცხოვრება უკეთესისკენ“, - განაცხადა ბაქრაძემ. 

დღეს საქართველოს მოსახლეობა  ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტს ირჩევს 6 წლის ვადით. ეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის ბოლო შემთხვევაა. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 25 კანდიდატს  შორის მოუწევს, რომელთაგან 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი. 

ცესკოს მონაცემებით,  საპრეზიდენტო არჩევნებზე 3 მილიონ 518 ათას 877 ამომრჩეველია რეგისტრირებული.