ცესკო: 1264 საარჩევნო უბანი შშმ პირებისთვის ადაპტირებული იქნება

ყველა საარჩევნო უბანზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა.
Sputnik

თბილისი, 28  ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები  ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტარდება, რომელშიც 3,5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას.

საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 25 კანდიდატს  შორის მოუწევს, რომელთაგან 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.  

ცესკო: არჩევნების შედეგების შეჯამება ინტერნეტ-სივრცეში მოხდება

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი წესით არჩევნები, რომლის უფლებამოსილების ვადა ხუთი წლის ნაცვლად, ექვსი წელი იქნება. ამის შემდეგ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის და პრეზიდენტსაც საარჩევნო კოლეგია იარჩევს.

არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე 18 წელი აქვს შესრულებული.

საქართველოს ტერიტორიაზე 3 703 საარჩევნო უბანია გახსნილი. არჩევნებში მონაწილეობის საშუალება ექნებათ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსაც. 

ცესკოს ინფორმაციით,  საარჩევნო უბნეზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 2 გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა. 

ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის ადაპტირებულია 1264  საარჩევნო უბანი, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ხმის მიცემის კაბინებით.

28 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად იმართება თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური მაჟორიტარული არჩევნები 6 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 7 ათას 925 ამომრჩეველი. შუალედური არჩევნებში 8 კანდიდატი (4 თერჯოლაში, 4 სამტრედიაში) მონაწილეობს. საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლებს, მხოლოდ 6 საარჩევნო უბანზე გადაეცემათ ორი ბიულეტენი, როგორც პრეზიდენტის, ისე საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის.

ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურება და ხმის დათვლის პროცედურა დაიწყება.