„ქართულ ოცნებას“ ეგზიტპოლებისთვის დაბრკოლებების შექმნაში ადანაშაულებენ

ცესკო-მ განაცხადა, რომ კომპანია Edison Research-ს არ წარმოუდგენია ინფორმაცია იმ საარჩევნო უბნების შესახებ, სადაც ეგზიტპოლების ჩატარება იგეგმება
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. ტელეარხ Rustavi2-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ამერიკული კომპანია Edison Research-ის ეგზიტპოლებისთვის დაბრკოლებების შექმნაში დაადანაშაულა.

დავით უსუფაშვილი: მეორე ტური გარდაუვალია >>

მან ასევე ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას ბრალი დასდო  ინფორმაციის გავრცელებაში ეგზიტპოლების ჩატარების ადგილების შესახებ, რომელსაც Edison Research-ი Rustavi2-ის შეკვეთით ატარებს.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეგზიტპოლებთან დაკავშირებით, უბნებზე სადაც დგანან მთვლელები ეგზიტპოლს ვინც ატარებს ეს იცის "ქართულმა ოცნებამ" და ცდილობენ რომ ამ უბნებზე  მაქსიმალურად მიიყვანონ თავისი წარმომადგენლები და ხელი შეუშალონ ეგზიტპოლის  დათვლაში...  კითხვას ვუსვამ თამარ ჟვანიას, ჩვენც კი არ ვიცით რა უბნებზე ტარდება ეგზიტპოლები, საიდან იცის „ქართულმა ოცნებამ" რა უბნებზე ტარდება ეგზიტპოლები? ჩვენ არ მოგცემთ ეგზიტპოლების გაყალბების საშუალებას, არც არჩევნების გაყალბების საშუალებას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მოსყიდვა, „კარუსელები“, სპეკულაციები - ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს ადანაშაულებს

ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ. მისი თქმით, Edison Research-მა ცესკო-ს აცნობა ეგზიტპოლების ჩატარების შესახებ, და მიმართა თხოვნით ყველა საუბნო და საოლქო საარჩევნო კომისიისთვის ცესკო-ს მიეწოდებინა ინფორმაცია აღნიშნული კვლევების შესახებ, რათა კომისიებს მაქსიმალურად შეეწყოთ ხელი ინტერვიუირებისთვის.

„ცესკო-მ გაითვალისწინა კომპანიის თხოვნა და დროულად გაუგზავნა შესაბამისი წერილობით შეტყობინება ყველა საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიას. აღნიშნული ინფორმაცია ადვილად შეიძლება გადამოწმდეს უშუალოდ Edison Research-თან, ვინაიდან აღნიშნული საინფორმაციო წერილის ასლი ასევე გადაეგზავნა ამ კომპანიას“, - განაცხადა მიწელაძემ.

მისი თქმით, კომპანია Edison Research-ს არასდროს, მათ შორის ამჟამინდელი საპრეზიდენტო არჩევნების დროს, არ მიუწოდებია ცესკო-სთვის იმ საარჩევნო უბნებზე ინფორმაცია, სადაც საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტარდება.

„შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც ასევე შესაძლებელია უშუალოდ დაადასტუროს Edison Research-მა“, - აღნიშნა მიქელაძემ.

Rustavi2 ეგზიტპოლების შედეგებს გამოაცხადებს საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ - 20:00 საათიდან 21:00 საათამდე.

ეგზიტპოლებს ასევე ატარებენ ქართული კომპანიები - BCG Research-ი ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ შეკვეთით და „ფსიქოპროექტი“ მმართველი პარტიის შეკვეთით.