ჩუგოშვილი ოპონენტებს: ქვეყანას მიეცით საშუალება, არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, სიცრუეა ოპონენტების ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება ე. წ. კარუსელების დატრიალებას გეგმავს
Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ოპონენტებს მოუწოდა, ქვეყანას საშუალება მისცენ, რომ არჩევნები მშვიდ ვითარებაში ჩატარდეს.

ჩუგოშვილის განცხადებით, არჩევნები არ ყალბდება და არც იგეგმება მისი გაყალბება, როგორც ამას ოპონენტები აცხადებენ. კერძოდ, მან უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ქართული ოცნება“ ე. წ. კარუსელების დატრიალებას გეგმავს.

„არ არსებობს არანაირი „კარუსელი“ და ვერც იქნება. შეუძლებელია მსგავსი რამ. მოვუწოდებ ჩვენს ოპონენტებს, ქვეყანას მისცენ შესაძლებლობა, რომ მშვიდ, წყნარ ვითარებაში ჩატარდეს არჩევნები“, – განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა.

თამარ ჩუგოშვილი: ამ დროისთვის სალომე ზურაბიშვილი ლიდერობს

ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ აქვთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია ვითარების გარკვეული დაძაბვა ოპონენტების მხრიდან. კონკრეტულად, ეს ეხება ბოლნისის 27-ე, მე-40, 43-ე და 54-ე უბნებს, ასევე, ხლვაჩაურის რაიონს, სადაც „ხდება პირების მობილიზება იმისთვის, რომ გარკვეული დაძაბულობა იქნას შეტანილი საარჩევნო პროცესში“.

ჩუგოშვილმა მოუწოდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, აღნიშნულ უბნებზე პროცესების განვითარებას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ. მან გააფრთხილა ყველა, ვისაც რაიმე არეულობის შეტანის განზრახვა აქვს, რომ კანონი მათ მიმართ ძალზე მკაცრი იქნება.