პირველი დარღვევები საარჩევნო უბნებზე: ცესკოსა და არასამთავრობო სექტორის მონაცემები

Sputnik

თბილისი, 28 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველი დარღვევების შესახებ ინფორმაცია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და არასამთავრობო სექტორმა გაავრცელეს. 

როგორი იყო არჩევნებზე ელექტორატის აქტიურობა ბოლო წლებში - ცესკოს მონაცემები

ასე მაგალითად, როგორც ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა ბრიფინგზე, ქობულეთის №32 საარჩევნო უბანზე არსებულ ბიულეტენებში ერთ-ერთი კანდიდატის ნომერი მკვეთრად არ ჩანდა, რასთან დაკავშირებითაც შედგა აქტი. გარდა ამისა, უბანზე დამატებით გამოიკრა ინფორმაცია კანდიდატების შესახებ.

მარნეულის №48 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე კომისიის წევრებმა შენიშნეს, რომ ურნა გაბზარული იყო. საჭირო გახდა მისი შეცვლა. ამ დროისათვის ადგილზე ხმის მიცემა ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს.

ასევე რამდენიმე საჩივარი დაიწერა ფოთში ხმის მიცემის პროცედურასთან დაკავშირებით.

„საარჩევნო ადმინისტრაცია კანონის ფარგლებში შეისწავლი დარღვევებს და რეაგირებას მოახდენს მოცემულ ფაქტებზე. მათგან დადასტურდა მხოლოდ ერთი ფაქტი. ამ დროისათვის ხმის მიცემის პროცესი დაუბრკოლებლად მიმდინარეობს“, - აღნიშნა მიქელაძემ.

გარდა ამისა, ცესკოში ასევე შევიდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ორგანიზაცია „აპრიორის“ დამკვირვებელი და ყოფილი მმართველი პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი №49  საარჩევნო უბანზე ნაძალადევის რაიონში, საარჩევნო კომისიის მუშაობაში ერეოდნენ. კომისიის გადაწყვეტილებით, ორივე მათგანს დაატოვებინეს უბანი. 

ამომრჩეველთა აქტივობამ 10:00 საათისთვის 6%-ს გადააჭარბა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძემ საზოგადოებას თბილისის №78 უბანზე (სამგორის რაიონი) მომხდარი ინციდენტის შესახებ აცნობა.

„ამომრჩეველმა გაიტანა ბიულეტენი სამგორის №78 უბნიდან, რაც დარღვევაა. ამასთან დაკავშირებით კომისიის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა, არა უშავს, დანაკლისში გავუშვათო. საარჩევნო კოდექსის 63-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, „საარჩევნო ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა. კენჭისყრის დღეს აკრძალულია კენჭისყრის შენობიდან მისი თვითნებური გატანა, წაღება ან განადგურება“, - განაცხადა სალაძემ.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.

გარდა ამისა, სალაძის თქმით, დაფიქსირდა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო კომისიების წევრებმა უარი თქვეს, მიეღოთ მონაწილეობა გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის გამოსავლენ წილისყრაში. 

ივანიშვილი: თუ მეორე ტური იქნება, აუცილებლად 100% -ით გაიმარჯვებს სალომე ზურაბიშვილი

როგორც „საია-ს“ თავმჯდომარე განმარტავს, ამ დროისთვის ორგანიზაციის დამკვირვებლებს ათი საჩივარი და ორი შენიშვნა აქვთ დაფიქსირებული ჩანაწერთა წიგნში.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ტარდება, რომელშიც 3,5 მილიონზე მეტი ამომრჩეველი იღებს მონაწილეობას.

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები განსაკუთრებულია. საქართველოს მოქალაქეებს უკანასკნელად ეძლევათ შანსი თავად აირჩიონ ქვეყნის სახელმწიფო მეთაური, გარდა ამისა, მმართველმა პარტიამ პირველად არ წამოაყენა საკუთარი კანდიდატი.

საქართველოს მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება 25 კანდიდატს შორის მოუწევს, რომელთაგან 19 პოლიტიკური პარტიის, ხოლო ექვსი – საინიციატივო ჯგუფის მიერაა წარდგენილი.

არჩევნების მიმდინარეობას 73 ადგილობრივი და საზოგადოებრივი ორგანიზაციის 21,8 ათასი დამკვირვებელი, ასევე 58 საერთაშორისო ორგანიზაციების 1 მილიონზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდება.