შსს-მ მობილური ჯგუფები შექმნა: არჩევნებთან დაკავშირებით უწყება განცხადებას ავრცელებს

მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, საჭიროების მიხედვით საპოლიციო ძალების გადანაწილება მოხდება
Sputnik

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. საპრეზიდენტო არჩევნების მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, ყველა რეგიონში შექმნილია პოლიციის მობილური ჯგუფები, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული მობილური ჯგუფები მოახდენენ რეაგირებას სამართალდარღვევებზე და მართლწესრიგს დაიცავენ.

უწყების ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, საჭიროების მიხედვით  ხდება საპოლიციო ძალების გადანაწილება.

შეურაცხყოფა და უკანონო აგიტაცია - საია წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ საქართველოში

„პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც არჩევნების დღეს სამსახურებრივ მოვალეობას შეასრულებენ, გავლილი აქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთობლივი გადამზადების კურსი, რომელიც პრაქტიკულ საკითხებთან ერთად, არჩევნების დღეს პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ რეგულაციებსაც მოიცავდა.

საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიებისთვის და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, პოლიციის უფლებამოსილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის მიღებისა და მიწოდებისთვის საკონტაქტოდ გამოყოფილია შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების და იურიდიული დეპარტამენტები.

„საკონტაქტო პირების შესახებ ინფორმაცია უკვე მიეწოდათ შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს”,- აცხადებენ უწყებაში.

სკანდალები, შავი პიარი და გახმაურებული საქმეები, ანუ რით ხვდება საქართველო არჩევნებს

არჩევნების დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას არჩევნების მიმდინარეობის დროს მართლწესრიგის შესაძლო დარღვევის, შესაბამისი რეაგირებისა და პოლიციის კომპეტენციას მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც 28 ოქტომბერს გაიმართება, რეგისტრაცია 25-მა კანდიდატმა გაიარა, მათგან 19 - პარტიის წარმომადგენელია, ხოლო 6 - დამოუკიდებელი კანდიდატია.

არჩევნებისთვის გაიხსნება დაახლოებით 3,7 ათასი საარჩევნო უბანი. არჩევნებზე იმუშავებს 1,2 ათასზე მეტი დამკვირვებელი 50 ადგილობრივი ორგანიზაციიდან და 187 დამკვირვებელი - ექვსი საერთაშორისო ორგანიზაციიდან, ასევე დამკვირვებლები ორი ქვეყნის საელჩოებიდან და 20 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები.