ქობულეთში მაშველებმა წყალდიდობის გამო სახლში ჩარჩენილი 87 წლის მოხუცი გადაარჩინეს

Sputnik

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ქობულეთში  წყალდიდობის გამო, სახლში ჩარჩენილი 87 წლის ცისანა მორჩილაძე მაშველებმა გამოიყვანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პოპოვის ქუჩის 4 ნომერში ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე სამაშველო ბრიგადასთან ერთად მივიდა. მაშველებმა სახლში ჩარჩენილები მოხუცი მეორე სართულიდან სპეცტექნიკით გადმოიყვანეს.

სტიქია ქობულეთში: ძლიერმა წვიმამ მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

„სახლში იყო ჩარჩენილი მოხუცი, მეტრანახევარზე მეტითაა დაფარული პირველი სართული. ბებოსთვის ცოტა ძნელი იყო, მაგრამ მაინც მოხერხდა მისი გადმოყვანა”, - განაცხადა პირველ არხთან ერთ-ერთმა მაშველმა.

26 ოქტომბერს, ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა  მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. კერძოდ, რუსთაველისა და აღმაშენებლის ქუჩებზე წყალი საცხოვრებელ სახლებსა და სავაჭრო ჯიხურებშიც შევიდა.

მდინარე აჭყვას კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, ასევე დაიტბორა  ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.