თბილისში პირველად ტარდება შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი

დღეს ჩვენმა საზოგადოებამ შშმ პირთა მიმართ დამოკიდებულება რადიკალურად შეცვალა. ამის დასტურია ის, რომ სპეციალურად მათთვის იმართება სპორტული შეჯიბრებები და მუსიკალური ფესტივალები, რამაც უკვე საერთაშორისო სტატუსი შეიძინა.
Sputnik

6-11 ნოემბერს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით თბილისში პირველად ტარდება შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი. ამის შესახებ ვესაუბრეთ მის ინიციატორს, „განსაკუთრებული ჟურნალის“ დამფუძნებელსა და მთავარ რედაქტორს ნუგზარ ჭიაბერაშვილს, რომელიც არაერთი საინტერესო პროექტის ავტორია.

თბილისში პირველად ტარდება შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი

– ბატონო ნუგზარ, რა სახისაა ფესტივალი, რომელსაც ნოემბერში ატარებთ?

– მიმდინარე წლის 6-11 ნოემბერს საქართველოში პირველად შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს ვატარებთ. პირველი საერთაშორისო ფესტივალი „ივერია - ბრილიანტი“ „განსაკუთრებული ჟურნალის“ ხელშეწყობითა და აქტივობებიდან გამომდინარე გაიმართება. ფესტივალის მთავარი ორგანიზატორია ორგანიზაცია, რომლის თავმჯდომარეც მე გახლავართ – ააიპ „სოციალური საწარმო „განსაკუთრებული ჟურნალი“. „ივერია - ბრილიანტში“ მონაწილეობს ათამდე ქვეყანა და მასში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონია ჩართული. ჩვენ ყველასთან ღიად და მეგობრულად ვთანამშრომლობთ. უკვე წლებია ვამბობ და კიდევ გავიმეორებ, რომ ჩვენ არ გვყავს კონკურენტები, ჩვენ გვყავს კოლეგები და თანამოაზრეები... ჩვენი ფესტივალის მიზანი და ამოცანებია შშმ პირთა მოძრაობის და საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების (N349 მუხლის „დ“ პუნქტის) დაცვა და აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში ხელშეწყობა, რამაც ევროპულ დიდ ოჯახთან რეალურად კიდევ ერთი ნაბიჯით უნდა დაგვაახლოვოს.

თბილისში პირველად ტარდება შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი

– მკითხველს შევახსენოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს უკვე აქვს მსგავს ფესტივალებში მონაწილეობის გამოცდილება...

– დიახ, პოლონეთის ქალაქ ჩიხოჩინეკში შშმ პირთა სიმღერის 22-ე საერთაშორისო ფესტივალზე თორნიკე ტურაბელიძემ გვასახელა და ამ უკვე ბრენდად ქცეულ ფესტივალზე მეორე ადგილი დაიკავა. მანამდე კი მან, გაზაფხულზე უკრაინაში, ქალაქ ვინიცაში დაიკავა პირველი ადგილი, რის შედეგადაც მოხვდა სწორედ პოლონეთში.

თბილისში პირველად ტარდება შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი

– მონაწილეთა ასაკი თუ არის შეზღუდული და ჟიურის წევრებს შორის უცხოელებიც თუ იქნებიან? 

– კონკურსანტების ასაკობრივი ჯგუფები 6 წლიდან 18 წლამდე და 18 წლის ზემოთ იქნება. თუმცა არც ხანდაზმულებს ვზღუდავთ, რადგან მათთვის მსგავსი ფესტივალები სიცოცხლის გახანგრძლივების ტოლფასია. იქნება მაქსიმუმ 13 კაცისგან შემდგარი ჟიური, რომელშიც იქნებიან პროფესიონალი მუსიკოსები, მომღერლები, მოცეკვავეები და ასევე სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებსაც არ ვასაჯაროებთ კონკურსამდე. ჟიურის წევრები იქნებიან უცხოელებიც, დელეგაციის ხელმძღვანელები და ეს თავისუფლების, თანასწორობის, მიუკერძოებლობის საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული მეთოდია.

– გამარჯვებულებს რა სახის პრიზები ელოდება?

– ვეცდებით ვიყოთ კომპეტენტური და მომთხოვნიც, შესაბამისად, ისეთ სიურპრიზებს მოვუწყობთ, რაც მათი კარიერისა და განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანი იქნება. ასევე ვპირდებით სამახსოვრო საჩუქრებს, ექსკურსიებს და ჩვენს უწმინდესსა და უნეტარესთან, ილია მეორესთან შეხვედრის დაუვიწყარ წუთებს, რომელიც მთელი ცხოვრება გაჰყვებათ...