ავღანეთში ქართველი სამხედროები საქართველოს პრეზიდენტს ირჩევენ

საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში ორ საარჩევნო უბანზე — ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარ-ი-შარიფში მდებარე მარმალის ბაზაზე იმართება.
Sputnik

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი სამხედროები, რომლებიც „მტკიცე მხარდაჭერის" მისიის ფარგლებში ავღანეთში იმყოფებიან, საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ არჩევანს დღეს აკეთებენ, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

25 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები ავღანეთში ორ საარჩევნო უბანზე — ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარ-ი-შარიფში მდებარე მარმალის ბაზაზე იმართება. ორივე ბაზაზე მთლიანობაში 875 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ხალხის მიერ არჩეული უკანასკნელი პრეზიდენტი – უფლებები და მოვალეობანი

საარჩევნო უბნები ავღანეთის დროით 08:00 საათზე გაიხსნა და 20:00 საათზე დაიხურება.

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მდებარე საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში, ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. ამ დროის მონაცემებით არც ერთი საჩივარი არ დაწერილა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება, რომელშიც პრეზიდენტობის 25 კანდიდატი იღებს მონაწილეობას, მათგან 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფის მიერ.

ეს იქნება პრეზიდენტის ბოლო პირდაპირი არჩევნები. ამასთან, 2018 წელს პირდაპირი არჩევნების გზით არჩეულ პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ერთჯერადად ერთი წლით გაუხანგრძლივდება და ის თანამდებობას ექვსი წლით დაიკავებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადადის, მომავალში პრეზიდენტის არჩევის პრეროგატივა საარჩევნო კოლეგიას ექნება.