საქართველოში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

დაკავებულებს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და მარნეულის რაიონში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დაკავებულებს ბრალი ედებათ ქურდული სამყაროს წევრობაში, ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მიღებასა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვაში.

კრიმინალი მარცხს განიცდის: შსს ქურდული სამყაროს წევრები და მათი ხელშემწყობები დააკავა

დაკავებულთა ასაკი 33 წლიდან 58 წლამდე მერყეობს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ, კერძოდ, დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ უცხოეთში მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდებთან - ჯეირან კინწურაშვილთან და ირაკლი დანელიასთან და მათთან შეთანხმებით ე.წ. ქურდულ გარჩევებს აწყობდნენ“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდულ გარჩევაში მონაწილეობის მიღებისა და კანონიერი ქურდისადმი მიმართვის ფაქტებზე საქართველოს სსკ-ის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 223-პრიმა-2 მუხლით და 223-პრიმა-4 მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.