„ცინიზმი და უზნეობა“ – ივანიშვილი სარალიძისა და გირგვლიანის საქმეების შედარების თაობაზე

ბიძინა ივანიშვილმა თანამედროვე საქართველოს ისტორიაში გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეები შეაფასა.
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლისა და პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია სანდრო გირგვლიანისა და 16 წლის მოზარდების მკვლელობის ფაქტების შედარება.

ბახტაძე: არ შეიძლება გირგვლიანის მკვლელობის შედარება ხორავას ქუჩის ტრაგედიასთან>>>

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ 16 წლის ერთ-ერთი მოკლულის მამა ზაზა სარალიძე, ისევე, როგორც „საქართველოს ბანკის“ მოკლული თანამშრომლის გირგვლიანის დედა ირინა ენუქიძე, „ჩვენი შვილების სიცოცხლეს იცავს“. მისი სიტყვებით, ტრაგიკულია ის, რომ გირგვლიანის მკვლელობიდან 10 წლის შემდეგ მკვლელობის ობიექტური გამოძიების მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს შვილმოკლული მამა.

„ის, რომ ხორავას ქუჩაძე მომხდარი ტრაგედია დღეს სიმბოლოდ გადაიქცა და ზოგიერთები ახერხებენ პარალელები გირგვლიანთან გაავლონ, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დიდი ცინიზმი და, თუ გნებავთ, ძალიან დიდი უზნეობა. არსად იკვეთება, რომ დღევანდელ სახელმწიფოს და დღევანდელ ხელისუფლებას რაიმე ინტერესი ჰქონდა ამ მკვლელობაში“, – განაცხადა ივანიშვილმა საქართველოს სამი წამყვანი ტელეარხის ჟურნალისტებთან პირდაპირ ეთერში.

16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული გახდა. ორივე მოზარდი 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა. კონფლიქტი 51-ე სკოლაში დაიწყო.

სუს-მა არჩევნების წინ ქვეყანაში არეულობა აღკვეთა

დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ საპროტესტო აქციები დაიწყო. სასამართლომ მიიჩნია, რომ დავით სარალიძის მკვლელობისთვის დაკავებული პირი მხოლოდ მკვლელობის მცდელობაშია დამნაშავე. ასე რომ, მოზარდის მკვლელი დღემდე დადგენილი არ არის.

პროტესტის ფონზე გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული საქმის დეტალების დაფარვის გამოძიება დაიწყო და სამი პირი დააკავა, მათგან ერთ-ერთი მოზარდია.

„ეს ჩვენ არ მოგვიგონია. სასამართლოს სამი ინსტანცია აქვს. სანამ ბოლო ინსტანცია არ დასრულდება, სასამართლო დასრულებული არაა. არაფერი საგანგაშო არ ვლინდება, რათა დღეს სახელმწიფომ ვერ შეძლოს და ვერ დასაჯოს დამნაშავე“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

რაც შეეხება სანდრო გირგვლიანს, იგი 2006 წლის 28 იანვარს ოქროყანის სასაფლაოზე მოკლული იპოვეს.

მოზარდების მკვლელობის საქმე - პარლამენტმა რეკომენდაციები მიიღო>>>

ყველაფერი თბილისის ცენტრში მდებარე „შარდენ–ბარში“ მომხდარი კამათიდან დაიწყო, სადაც შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნები დათა ახალაია, ოლეგ მელნიკოვი, ვასილ სანოძე, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გურამ დონაძე და ასევე იმ დროისთვის შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია იმყოფებოდნენ. კამათი შემდეგ ოქროყანაში ჩხუბში გადაიზარდა.

მოკლულის ოჯახი და ოპოზიცია ერთხმად აცხადებდნენ მომხდარ ფაქტთან ხელისუფლების მაღალი ეშელონების კავშირს. ისინი მოითხოვდნენ არა მარტო შემსრულებლების, არამედ დანაშაულის ორგანიზატორების დასჯას.

აღნიშნული მკვლელობის საქმეზე ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების დროს სისხლის სამართლის პასუხისგებლობა დაეკისრა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხ ოფიცერს – გერონტი ალანიას, ავთანდილ აფციაურს, ალექსანდრე ღაჭავას და მიხეილ ბიბილურიძეს.

2012 წელს საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ პროკურატურამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიება განაახლა და საქმის ახალი გარემოებები აღმოაჩინა.

სარალიძე: დედამისს აეროპორტშივე ვუთხარი, შენი შვილი არ დაგელოდა-მეთქი

აღნიშნულ საქმეზე სასჯელი აქვს შეფარდებული შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ვანო მერაბიშვილს, რომელსაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის 3 წლით პატიმრობა მიესაჯა.

ამასთან, სასჯელი დაუსწრებლად შეეფარდა გერონტი ალანიასაც, რომელიც პატიმრობაში უკვე იმყოფებოდა.

გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ბრალი აქვს წაყენებული საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიასაც, ასევე ორი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა დავით კოკიაშვილს, რომელიც მართავდა ავტომობილს, რომლითაც გირგვლიანი ოქროყანაში მიიყვანეს.

გარდა ამისა, თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „გაერთიანებული საქართველოს ბანკის“ თანამშრომლის მკვლელობის საქმეში სამი წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა. სააკაშვილს ბრალად ედება, რომ 2008 წლის 24 ნოემბერს მან შეწყალების კომისიის გვერდის ავლით ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება და ორჯერ შეუმცირა სასჯელის ვადა 2007 წელს გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხ მსჯავრდებულ თანამშრომელს.