სალომე ზურაბიშვილი:უნდა დასრულდეს ფარული ჩანაწერები, სიძულვილი, დასმენა და შურისძიება

საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში გაჭირვებულ ფენებზე იზუნებს
Sputnik

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. არ გვინდა წარსულში დაბრუნება, არავის დაბრუნება არ გვინდა, გვინდა დამშვიდებული და ახალი საზოგადოება, რომელიც თავის დაუცველ ფენებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გამართულ დებატებზე.

„ჩემი მთავარი იდეაა, რომ საქართველო არც ისე ცუდად არის. ჩვენი თავის უნდა გვჯეროდეს. არ შეიძლება, მუდამ ვიყოთ იმის ფიქრში, რა გვეშველება, რა მეშველება. შევაბიჯეთ 21-ე საუკუნეში. სამოქალაქო საზოგადოება ბოლოსდაბოლოს უნდა ჩამოყალიბდეს და ამაში პრეზიდენტს ექნება ძალიან დიდი დანიშნულება“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დავით ბაქრაძე: მე ვარ ის კანდიდატი, რომელიც აცხადებს, რომ დაამარცხებს ხელისუფლებას

ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მოვიდა დრო დასრულდეს ის ძველი ეპოქის გამოვლინებები, რომელიც ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარდა.

„ერთი საუკუნე გავიდა და პოსტპოსტსაბჭოთა სისტემა უნდა დასრულდეს, თავისი ფარული ჩანაწერებით, სიძულვილით, ერთმანეთის დასმენითა და გაუთავებელი შურისძიებით. არ გვინდა წარსულში დაბრუნება, არავის დაბრუნება არ გვინდა, გვინდა დამშვიდებული და ახალი საზოგადოება, რომელიც თავის დაუცველ ფენებს უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საპრეზიდენტო კანდიდატების სალომე ზურაბიშვილის, გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის დებატები საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „პრეზიდენტის არჩევნები 2018" 24 ოქტომბერს, 22:00 საათზე დაიწყო.

ოპონენტები დებატებში პირველმა სალომე ზურაბიშვილმა გამოიწვია. როგორც მან ადრე განაცხადა, ის მზად იყო ნეიტრალურ სივრცეში „შავი ძალების" ორივე სახესთან დებატებში მონაწილეობა მიეღო.

გრიგოლ ვაშაძე:  ჩვენ არ გვაქვს კავკასიური ვენდეტის დრო >>

ექსპერტების აზრითა და გამოკითხვების შედეგებით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის კონკურენტები არიან გაერთიანების „ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატი, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე და კანდიდატი ოპოზიციური პარტიიდან „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" დავით ბაქრაძე.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. ცესკოში რეგისტრაცია პრეზიდენტობის 25-მა კანდიდატმა გაიარა.