დემოკრატიის ინსტიტუტს თბილისში ფილოსოფოსი ფუკუიამა უხელმძღვანელებს

საქართველოში დემოკრატიის კერის ხელმძღვანელი იქნება ფილოსოფოსი, რომელმაც „ისტორიის დასასრული" იწინასწარმეტყველა.
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში შეიქმნება დემოკრატიის ცენტრი, რომელსაც უხელმძღვანელებს სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ამერიკელი ფილოსოფოსი და პოლიტოლოგი ფრენსის ფუკუიამა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ცენტრის მუშაობა მიმართული იქნება რეგიონში ავტოკრატიისა და კორუფციის წინააღმდეგ. თბილისში ასევე გაიმართა ფუკუიამას ახალი წიგნის "იდენტურობა" პრეზენტაცია.

„ეს არის წიგნი მსოფლიოში პოპულიზმის აღზევების შესახებ, რაც, ჩემი აზრით, საშიშროებას წარმოადგენს მსოფლიოში დემოკრატიული წესრიგისათვის. მოხარული ვარ, რომ წიგნი საქართველოშიც გამოიცა", – განაცხადა ფუკუიამამ.

ფილოსოფოს გივი მარგველაშვილის იუბილე თბილისში აღნიშნეს

იოსიჰირო ფრენსის ფუკუიამა – იაპონური წარმოშობის ფილოსოფოსი, პოლიტოლოგი, პოლიტიკური ეკონომისტი და მწერალია. არის სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და სამართლის უზენაესობის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

ფუკუიამა ცნობილი გახდა წიგნით "ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი", რომელშიც ამბობს, რომ მთელ მსოფლიოში ლიბერალური დემოკრატიის გავრცელება შეიძლება მოწმობდეს კაცობრიობის სოციო-კულტურული ევოლუციის ბოლო წერტილს და ეს გახდეს ადამიანური მმართველობის უკანასკნელი ფორმა. მისი ნაშრომი ითარგმნა ოცზე მეტ ენაზე და სამეცნიერო წრეებსა და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.