ჩინოვნიკი უმუშევარი არ დარჩება: ლია გიგაური ქეთევან ციხელაშვილის მოადგილე გახდა

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე სამოქალაქო თანასწორობის საკითხებით დაკავდება
Sputnik

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილე ლია გიგაური შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის მოადგილე გახდა, იუწყება ტელეარხი Imedi.

რას შეეწირნენ მაია მიმინოშვილი და თამარ სანიკიძე>>>

გიგაური სამოქალაქო თანასწორობის მიმართულებით იმუშავებს. ციხელაშვილს იმ დროიდან არ ჰყავს მოადგილე, რაც ლაშა დარსალია საგარეო საქმეთა სამინისტროში გადავიდა.

მინისტრმა ბატიაშვილმა უწყებაში რეფორმების გატარება საკადრო ცვლილებებით დაიწყო, როდესაც მიმდინარე წლის 10 სექტემბერს თანამდებობებიდან გაათავისუფლა მისი მოადგილეები ლია გიგაური და თემურ მურღულია, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი მანანა მიქაბერიძე.

მაშინ აღნიშნული გადაწყვეტილება მინისტრმა იმით ახსნა, რომ დაგეგმილი რეფორმების გატარება ახალ გუნდთან ერთად სურდა.