თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ყაჩაღობასა და პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, იუწყება მთავარი პროკურატურა.
პროკურატურის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობაში, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებაში და პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული შ.კ. დამნაშავედ ცნო.
უწყების ინფორმაციით, 2018 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 23:20 საათზე, ქურდობისთვის ნასამართლევი შ.კ. გლდანის მე-8 მიკრორაიონში მდებარე ხილ-ბოსტნის მაღაზიაში თავს დაესხა გამყიდველს და მაღაზიაში მყოფ მყიდველს, იარაღიდან ერთი გასროლა განახორციელა, გამყიდველს თანხა წაართვა და მიიმალა.
ორი დღის შემდეგ კი გლდანში „ფრესკო შოპინგ ცენტრი“-ს ავტოსადგომზე თავს დაესხა პოლიციის თანამშრომლებს, მათი მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა შ.კ. 2018 წლის 19 იანვარს, გლდანის მე-6 მიკრორაიონში დააკავეს.
დუშეთში პენსიონერის დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია >>
მას ბრალდება წარედგინა სსკ-ის 179-ე, 236-ე და 353-ე პრიმა მუხლებით (ყაჩაღობა; ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება; პოლიციელზე თავდასხმა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით).
თბილისის საქალაქო სასამართლომ შ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.