გაიმარტივეთ დედობა – თუ პატარა საბანს იხდის

თამარ კობახიძემ გასულ წელს საბავშვო ნივთების ბრენდი „ჰენდიკრაფტი“ შექმნა, რისი იდეაც შვილის დაბადებამ შთააგონა. ამბობს, რომ საქართველოში საბავშვო ნივთების არც ისე მრავალფეროვანი არჩევანია, ამიტომ გადაწყვიტა ეს ყველაფერი თავად შეექმნა.
Sputnik

თამარის მიზანია ქართველ დედებს გაუმარტივოს დედობა და შესთავაზოს ქართული, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია: საბავშვო თეთრეული, სათამაშოები, ბავშვის გონების განმავითარებელი ხელსაწყოები, ავტომობილის ან ბავშვის საწოლის ჯიბეები, საძილე ტომარა და ა.შ.

გაიმარტივეთ დედობა – თუ პატარა საბანს იხდის

– 2008 წელს დავამთავრე კავკასიის ბიზნეს-სკოლა მარკეტინგის განხრით. იმავე წელს ჩავაბარე საფრანგეთში, ქალაქ დანკერკში საერთაშორისო მენეჯმენტისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. მოგვიანებით გავიარე სტაჟირება ტურისტულ კომპანიაში გაყიდვების დეპარტამენტში. ამ ეტაპზე ვმუშაობ ჰოლანდიურ სადილერო კომპანიაში დირექტორის თანაშემწედ.

– სრულიად განსხვავებული პროფესია გაქვთ. ალბათ სამუშაო რეჟიმიც საკმაოდ დატვირთული გაქვთ. როგორ და რატომ გაგიჩნდათ სურვილი შეგექმნათ „ჰენდიკრაფტი“?

– „ჰენდიკრაფტის“ შექმნის სურვილი სრულიად მოულოდნელად გამიჩნდა. როგორც დედას, დამჭირდა გარკვეული ნივთები ჩემი პატარასთვის. ქართულ ბაზარზე ადგილობრივი პროდუქციის არც თუ ისე მრავალფეროვანი არჩევანი იყო. იმპორტირებული საქონელი კი ძვირია და ასევე არც თუ ისე ფართო არჩევანია. ამასთანავე, ვფიქრობ, ქართველ დედას შეიძლება სხვა საჭიროებები ჰქონდეს, ვიდრე უცხოელს. პროდუქტი უნდა იყოს მორგებული ადგილობრივ ადამიანზე, ვინაიდან მას განსხვავებული მოთხოვნილებები აქვს და არა გლობალურზე. ამიტომ გამიჩნდა იდეა, შემექმნა „ჰენდიკრაფტი“, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ქართველი დედების მოთხოვნებზე, საჭიროებებზე, სურვილებზე და ა.შ.

გაიმარტივეთ დედობა – თუ პატარა საბანს იხდის

– რა ნივთებს ქმნით ამ ეტაპზე და რამდენად სასიამოვნოა თქვენთვის საბავშვო ნივთებზე მუშაობა?

– ამ ეტაპზე ვქმნით ბავშვებისთვის საძილე ტომრებს, მანქანის ორგანაიზერ–ჯიბეებს (რაც ძალიან კომფორტულია დედისთვის მგზავრობისას, რომ არ ეძებოს სათითაოდ ყველა ნივთი), ვკერავთ საბავშვო თეთრეულსა და გამოსაკრავ ბალიშებს, აქსესუარებს და ა.შ. ბავშვების პროდუქტზე მუშაობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, ძალიან დიდი სიყვარულით და სიფრთხილით უნდა დამზადდეს თითოეული ნივთი. სასიამოვნო პროცესია, როდესაც იდეების კორიანტელი მოდის, ამას ჩემ გუნდს ვუზიარებ და პირიქით. ძალიან ბევრ დიზაინს განვიხილავთ, ვამუშავებთ, რჩევებს ვეკითხებით დედებს და ასე ნელ-ნელა ჩვენც ვვითარდებით. ეს საქმე ჩემთვის ასოცირდება პატარა ბავშვის პირველ ნაბიჯებთან, რადგან „ჰენდიკრაფტიც“ ისე იზრდება, როგორც ჩემი პატარა, რომელმაც მიბიძგა ამ ყველაფრისკენ.

გაიმარტივეთ დედობა – თუ პატარა საბანს იხდის

– რამდენად შრომატევადია ეს საქმე?

– თითოეული ნივთი იქმნება ხელით, რაც დიდ დროს და სიზუსტეს მოითხოვს. თითოეული ნაქარგი, რომელზეც მულტიპლიკაციური გმირია  გამოსახული, ხელით მუშავდება. თითოეული გული, ვარსკვლავი, ღრუბელი, ყველას ისეთი წვრილმანი დეტალები აქვს, რომელთაც ხელით ვქმნით. სხვანაირად ჩვენი პროდუქტი ვერ შეიქმნება.

გაიმარტივეთ დედობა – თუ პატარა საბანს იხდის

– საქმე ბავშვებს ეხება, რამდენად უსაფრთხოა მასალა, რომელზეც მუშაობთ?

– ჩვენი მასალები 100%-იანი ბამბის ქსოვილია, რაც უსაფრთხოა ბავშვისთვის. შემოვიტანეთ სპეციალური ფუმფულა ქსოვილი, რომელიც მხოლოდ საბავშვო პროდუქციაში გამოიყენება და არის სპეციალური ბოჭკოვანი სისტემით შექმნილი.

ჩვენი გუნდი ყოველთვის ცდილობს პრემიუმ ხარისხის პროდუქცია შესთავაზოს ჩვენ მომხმარებლებს. ვიტყოდი, რომ ჩვენი მისია არის ის, რომ ყოვლად უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შევთავაზოთ ქართველ დედებს და მათ პატარებს.

გაიმარტივეთ დედობა – თუ პატარა საბანს იხდის

– ამბობთ, რომ თუ საჭირო ნივთები და აქსესუარები გაქვთ, დედობაც მარტივდება. თქვენ როგორ იმარტივებთ დედობას?

– დიახ, „ჰენდიკრაფტის“ მიერ შექმნილი ნივთებით მართლა მარტივდება დედობა. დღესდღეობით თანამედროვე დედას იმდენი საზრუნავი და საფიქრალი აქვს, პლუს ამას ძალიან დაკავებულია და უდროობა ყველას გვაწუხებს. ყოფითმა პრობლემებმა, რაც უკავშირდება ბავშვთან ერთად მგზავრობას, პატარას მოუსვენარ ძილს, ღამე პატარას გამუდმებულ მოძრაობას, დედა არ უნდა შეაწუხოს.

ჩემ პატარას, რომელიც ჯერ ორი წლისაც არ არის, ვიცი, რომ ღამე საძილე ტომარა აცვია და მშვიდად მძინავს, ვიცი, ვერ გადაიხდის და არ გამიცივდება. ისიც ვიცი, რომ კომფორტულად არის, რადგან საძილე ტომარა ისეა შეკერილი, სამოძრაო სივრცე ფეხებთან საკმაოდ დიდია. როცა სადმე წასვლა მიწევს, ვიცი, რომ კომფორტულად ვიმგზავრებ. მოვათავსებ მის სათამაშოს, ბოთლს, ხელსახოცებს, საწოვარას ორგანაიზერში და უკვე გამარტივებულია მგზავრობა. თუ ჩვილი პატარაა და გინდა მარტივად წაიყვანო სადმე, ან უბრალოდ სამშობიაროდან უნდა გამოიყვანო და არ იცი რაში ჩააწვინო, ამისთვის სპეციალური ბუდე არსებობს... და სხვა მრავალი ნივთი. ყველა ნივთი რაღაც დოზით გიმარტივებს დედობას.

გაიმარტივეთ დედობა – თუ პატარა საბანს იხდის

– რა არის ის აუცილებელი ნივთები, რაც ყველა დედას უნდა ჰქონდეს ბავშვის ოთახში?

– ალბათ ეს ინდივიდუალურია, მაგრამ პირადი გამოცდილებიდან გეტყვით – საძილე ბუდე, საწოლი, ლოგინის ორგანაიზერი ჯიბეები, პატარა სანათი, სკამი, რომელიც ირწევა, ლაქტაციის ბალიში და სხვა კიდევ უამრავი.

გაიმარტივეთ დედობა – თუ პატარა საბანს იხდის

– ლამაზი დეკორაცია, ფერადი ნივთები, როგორ ფიქრობთ, მოქმედებს დედის, ბავშვის განწყობაზე და ხასიათზე?

– აუცილებლად მოქმედებს. პირველი თვეები განსაკუთრებით მძიმეა ჩვილისთვის და დედისთვის. არის რუტინული პროცედურები, რაც დამღლელია და ხშირად დედა სტრესშია. ხალისიანი ფერები კარგი განწყობის შემქმნელია, სწორედ ამიტომ ვურჩევ ხოლმე დედებს, შეარჩიონ  რამდენიმე ფერის კომბინაცია, რომ გამოაცოცხლონ ირგვლივ მათი გარემო. რა თქმა უნდა, ფერები ისე უნდა იყოს დასმული, რომ არ აჭრელდეს. რატომღაც ქართველ დედებს ძალიან უყვართ მხოლოდ ვარდისფერი და ცისფერი. ძალიან მინდა, რომ სხვა ფერებზეც იფიქრონ დედებმა, რადგან იმდენი ლამაზი კომბინაცია და ფერთა გამაა, მარტო ეს ორი ფერი არ უნდა ასოცირდებოდეს პატარას თეთრეულთან და მის ნივთებთან.

გაიმარტივეთ დედობა – თუ პატარა საბანს იხდის

– როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი ძლიერი მხარე, ის, რამაც წარმატება მოგიტანათ?

– ჩვენი ძლიერი მხარე ალბათ მუდმივი ზრუნვაა ჩვენი მომხმარებლის სურვილებზე. დიდი გულისყურით ვუსმენთ თითოეული დედის რჩევას, თხოვნას პროდუქტთან მიმართებაში. თუ ვინმემ ჩვენი პროდუქტი შეიძინა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი ურთიერთობა ამით დასრულდა. რა თქმა უნდა, ყველაფერს გრძელვადიან პერსპექტივაში ვხედავთ. ვზრუნავთ და ვფიქრობთ, რა შეიძლება დაჭირდეს მის პატარას შემდგომ. შევქმნით კი ჩვენ ამას? როგორ შევქმნათ, რა შევთავაზოთ... ეს დაუსრულებელი იდეების პროცესია, რომელიც მერე ნივთებად გარდაიქმნება.