მარნეულში წმინდა ნიკოლოზის ეკლესია აღადგინეს

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია სხვა ნაგებობათა შორის ყველაზე მაღალ ადგილზე მდებარეობს
Sputnik

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ნაქალაქარ გორულის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული სამუშაოები განხორციელდა, იუწყება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.

სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით 2018 წელს განხორციელდა.

მცხეთაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას უძრავი  ძეგლის სტატუსი მიენიჭა

არქეოლოგიური ზედამხედველობის ქვეშ ეკლესიის ტერიტორია გაიწმინდა მცენარეებისაგან, გასუფთავდა სამშენებლო ნაგვისგან. მოიხსნა კრამიტის ქვის არსებული დუღაბის ფენა. კედლები გასუფთავდა ხის კონსტრუქციების მოსაწყობად , ხოლო კარნიზი - ჩამოღვენთილი კირის ფენისაგან. მოეწყო დაფერილი თუნუქის სახურავი. ინტერიერსა და ფასადებზე გამოქარული ადგილები კირ-დუღაბის ხსნარით ამოივსო, ჩაისვა რკინის კარები სამხრეთ და დასავლეთ ფასადებზე. მოეწყო ბადიანი რკინის სარკმელები.

ნაქალაქარი გორულა განლაგებულია მთის სამხრეთ კალთაზე და გარშემორტყმულია საკულტო და საყოფაცხოვრებო ნაგებობებით.

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას. გეგმაში ეკლესია წარმოადგენს მართკუთხედის ფორმის ნაგებობას ორი შესასვლელით : სამხრეთისა და დასავლეთის მხრიდან. ოთხივე მხრიდან ეკლესია განათებულია, გარედან ვიწრო, ხოლო შიგნიდან კი საკმაოდ ფართე სარკმელებით.

ეკლესია ნაგებია უხეშად დამუშავებული მუქი ყავისფერი ფერის ქვით, აქა-იქ ჩართული ბრტყელი აგურის ფილებით. თლილი ქვა გამოყენებულია მხოლოდ კუთხეებში, სარკმლებსა და შესასვლელების ირგვლივ, რომლებიც გამოირჩევა მოყვითალო ფერით.

სააგენტოს ცნობით , სამუშაოები  შ.პ.ს. „ბიჯი+“– მა შეასრულა.