თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. რუსთავში აფეთქებისას დაშავებულ მცირეწლოვანს თბილისში საგანგებო კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეანომობილით გადმოიყვანენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
9 წლის გოგონას კლინიკა „რუსთავში" გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
დღეს რუსთავის მე-19 მიკრორაიონის მე-14 კორპუსის ეზოში ავტოფარეხების დემონტაჟის დროს , სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა. დაშავებულია 12 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ძლიერი აფეთქება სპორტული მოედნის სიახლოვეს მოხდა, სადაც იმ დროს ბავშვები თამაშობდნენ. აფეთქების შედეგად, ახლომდებარე სამ საცხოვრებელ კორპუსში ფანჯრის მინები თითქმის სრულად არის ჩამსხვრეული. უსაფრთხოების მიზნით, მოსახლეობა კორპუსებიდან ევაკუირებულია.
გარდა ამისა, აფეთქებისას დაზიანდა გაზის მილიც, რის გამოც კორპუსში ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყვეტილია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.