საქართველოში პირველად სკოლების გამოფენა ჩატარდება

ორი დღის განმავლობაში ExpoGeorgia-ს ტერიტორიას საშუალო განათლებით დაინტერესებული ათი ათასამდე მოსწავლე და მათი მშობელი მოინახულებს
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. განათლება, სპორტი, გართობა - ასეთი მიმართულებები იქნება წარმოდგენილი სკოლების პირველ გამოფენაზე (School Fair), რომელიც თბილისში საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში 7-8 დეკემბერს გაიმართება.

როგორც მოსალოდნელია, გამოფენის სტუმრები იქნებიან მშობლები, რომლებიც თავისი შვილებისთვის საუკეთესო განათლებისთვის ახალ პერსპექტივებს ეძებენ.

მილიარდნახევარი განათლებაზე – რაში დაიხარჯება თანხა ბიუჯეტიდან >>

გამოფენის წყალობით მშობლებს შეექმნებათ სრული წარმოდგენა სკოლებსა და პროგრამებზე, რომელიც დღეისათვის ქვეყნის ბაზარზე არსებობს.

სასკოლო პროგრამების გარდა, გამოფენაზე მშობლები შეძლებენ დაგეგმონ თავისი შვილების არდადეგები როგორც საქართველოს, ისე უცხოეთის საზაფხულო და სამთო-სათხილამურო სკოლებში, უცხო ენების შემსწავლელ ცენტრებში. მათ ასევე მიეცემათ შესაძლებლობა აირჩიონ სპორტული და სახელოვნებო წრეები.

საქართველოში განათლების სისტემა შეიცვლება

ნებისმიერი ასაკის ბავშვების მშობლები გამოფენაზე მიიღებენ სასურველ ინფორმაციას, შეისწავლიან უცხო ენების შემსწავლელი გაცვლითი ცენტრების წინადადებებსა და პროგრამებს.

გამოფენის მთავარი მიზანია საშუალო განათლების სფეროში შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტის პლატფორმა, რომელიც დაინტერესებულ პირებს გაუმარტივებს ინფორმაციის მიღებას ქვეყნის სახელმწიფო, კერძო, საზაფხულო, სახელოვნებო სკოლების შესახებ. გამოფენაზე ასევე უცხოეთში სწავლის გაგრძელების პერსპექტივების გაცნობის შესაძლებლობა იქნება.

გამოფენის ორგანიზატორები დარწმუნებულნი არიან, რომ გამოფენა დაეხმარება მოსწავლეებსა და მათ მშობლებს სწორად დაგეგმონ სასწავლო პროცესი, თავიდან აიცილონ შეცდომები, დაზოგონ დრო და ენერგია და ამ ყველაფრის შედეგად კარგი განათლების მიიღონ.