ფარული ჩანაწერების საქმე - „ბიჭუნების" თვითშემოქმედება თუ „იდიოტი პრეზიდენტი"

კარგად დავიწყებული ძველი ანუ „კომპრომატების" ომი... ფარული ჩანაწერების საარჩევნო „ენდშპილი"... რა ისმინება სიტყვებს მიღმა... ვინ გასცა ბრძანება და ვინ იყო საქმის კურსში?
Sputnik

ქვეყანაში სადაც მიზნის მისაღწევად, „ყველაფერი მოსულა“ და თანაც ისე, რომ სულ უფრო ძნელად გასარჩევია - ვინ ვინ არის, რა არის სწორი და რა არა, პოლიტიკურ რინგზე და მის მიღმა „ჩანაწერების ომის“ უკვე, არავის უკვირს. სავარაუდოდ, რომ ბრძოლა წესების გარეშე კულმინაციას, ამჯერად, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე  დღით ადრე მიაღწევს, როცა დაპირისპირებული მხარეებიდან, ვისაც ეს ძალუძს, მის ხელთ არსებულ ყველაზე სენსაციურ და რაც მთავარია, გამანადგურებელ „კომპრომატს“ გაასაჯაროებს... ვის ხელშია „ჯოკერი“ დრო გვიჩვენებს, მანამდე კი  „მხარეთაგან“ არცერთს აღელვებს, რომ ტოტალური მიყურადების ეპოქის აუდიო თუ ვიდეო „შემოქმედება“ ანგრევს ადამიანების ცნობიერებას!

პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადება – ერთ-ერთ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ისიც უნდა ითქვას, რომ ყველაფერი „ზედმეტი“ თანდათან არაფრის მომცემი ხდება! ანუ, როცა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ე.წ „ციხის კადრებმა“ ტელეეკრანები დაიპყრეს, „შედეგიც“ დადგა. ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ წინა ხელისუფლება, სწორედ „ციხის კადრებს“ ემსხვერპლა. მას შემდეგ, ფარული ჩანაწერები სისტემატურად ქვეყნდება და გაოცების თუ გაბრაზების ეფექტიც სულ უფრო იკლებს. ადამიანის თავალი და ყური ყველაფერს ეჩვევა. შესაბამისად, ნაკლებად სავარაუდოა, მორიგმა ტელე თუ აუდიო სეანსმა ციკლიდან - „აი მე რა მაქვსო...“ ან „რავარია, ჰაა...“, სხვა „დამხმარე“ ფაქტორების და „ხელსაწყოების“ გარეშე გადაწყვიტოს პოლიტიკური ბატალიების ბედი... მძლავრი საპროტესტო მუხტია საჭირო, თანაც ქუჩაში გასული და არა შინ მსხდომი, თუნდაც „ფეისბუქში“ მუშტების ქნევით დაკავებული... დღეს, არც „მძლავრი საპროტესტო მუხტია“ და ქუჩაშიც „უძრაობაა“...

ბურჯანაძე: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები აუცილებელია

ყოველი მორიგი „გასროლის“ შემდეგ, ისმის ტრადიციული კითხვები - ვინ ჩაწერა? როდის ჩაწერა? სად ჩაწერა? რატომ გასაჯაროვდა ახლა და არა უფრო ადრე? კითხვები ბევრია და თანაც, ხშირად პასუხგაუცემელი...

მარტივი კითხვაა - ვინ ჩაიწერა? სავარაუდოდ, ჩაიწერეს თავად საუბრის მონაწილეებმა. უცხო არ არის, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნები ერთმანეთს არ ენდობოდნენ და ჩანაწერებსაც აკეთებდნენ „ყოველი შემთხვევისთვის, რამე, რომ იყოს...“ სად და როდის? - ეს კითხვა ნაკლებად აქტუალურია, შეგვიძლია ხატოვნად გავცეთ პასუხი - იქ და მაშინ... რაც შეეხება, ჩანაწერის გასაჯაროების პერიოდს, პასუხი აქაც ნათელია, ყოველმა „ახალმა“ ჩანაწერმა „ძველი“ უნდა „გადაფაროს“... 

ოპოზიციური ფლანგიდან, „ფრიადოსანთა“ დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი, ქვეყნის „მთავარი ტელევიზიით“ გავრცელებულ „მამხილებელ“ ჩანაწერებს ე.წ მირზა სუბელიანის საქმეზე, ხელისუფლებამ დაუპირისპირა პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ფარული ჩანაწერი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ მართველობის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობას გეგმავენ. ჩანაწერებით, თითქოს დასტურდება, რომ ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციის ბრძანება ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის...

პროკურატურა: პატარკაციშვილის მკვლელობა მიხეილ სააკაშვილის სანქცირებული იყო

გეგმავდნენ თუ არა ბადრი პატარკაციშვილის „ლიკვიდაციას“. თუკი პირველი ჩანაწერით ვიმსჯელებთ, ეს ეჭვს უკვე აღარ იწვევს. თუ გავიხსენებთ იმდროინდელ ვითარებას, როცა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და მის მეგობრებს ტელეკომპანია „იმედი“, რბილად, რომ ვთქვათ, „ნერვებს უშლიდა“, გასაკვირი არ არის, რომ სპეცსამსახური, უშუალო უფროსის, დათა ახალაიას ბრძანებით, „ოპერატიულად ამუშავებდა“ ე.წ საეჭვო ობიექტს. გავიხსენოთ, რომ დათა ახალაია, სანდრო გირგვლიანის საქმის მთავარი ფიგურანტი იყო და სავსებით შესაძლებელია, რომ მას პირადი მოტივებიც ჰქონდა როგორც ტელეკომპანია „იმედის“, ისე ბადრი პატარკაციშვილის მიმართ.

მაინც რა მტკიცებულება არსებობს, რომ ბრძანება ბადრი პატარკაციშვილის „ლიკვიდაციის“ შესახებ თავად მიხეილ სააკაშვილმა გასცა? მხოლოდ მასტერას, იგივე გიორგი დგებუაძის ფრაზა - „გადაწყვეტილება პრეზიდენტის დონეზეა მიღებული“, საკმარისი არ არის, რადგან ოპერატიულმა მუშაკმა, აგენტის ე.წ „დავერბოვკებისას“, შესაძლოა უამრავი რამ თქვას და ათასი „ზღაპარი“ შეთხზას იმ მიზნით, რომ „დავერბოვკებული“ აგენტი დაამშვიდოს...  

მირზა სუბელიანის ვენდეტა

იცოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა ამ ოპერაციის შესახებ... ზოგადად, როცა საქმე ეხება მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფიგურას, - ბიზნესმენს, მილიარდერს, ანგაჟირებულ პერსონას, ოპოზიციის სპონსორსა და მოკავშირეს. ბრძანება მის ლიკვიდაციაზე პრეზიდენტის მხრიდან, თუნდაც საქმის კურსში ყოფნის ფორმით, ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მეთაური, ამ შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ნებით ჯდება დენთის კასრზე იმ პირობებში, როცა „პატრუქი“ უჭირავს სხვას. თან უცნობია ვის, უცნობია რამდენს, უცნობია ვინ როგორ გამოიყენებს ამ ინფორმაციას, ვინ ააფეთქებს და უცნობია როდის....

ერთი სიტყვით, უამრავი „უცნობისა“ და „ცვლადის“ შემცველი განტოლებაა. თუ მაინც ასეა, მაშინ ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ელემენტარულად იდიოტი ყოფილა, რაც ძნელია მიხეილ სააკაშვილს დააბრალო. ზოგჯერ თავს კი იგიჟიანებს, მაგრამ სულელი ნამდვილად არ არის და არც პრაგმატიზმი აკლია. ანუ „ჭკვიანი გიჟია“...

დავუშვათ მიხეილ სააკაშვილმა გასცა ბრძანება ან „საქმის კურსში იყო“, რაც პრაქტიკულად, ბრძანების გაცემის ტოლფასია, კონკრეტულად რას „მოიგებდა“ ამით იმ ვითარებაში, ანუ 2007 წლის დასაწყისში? ვერაფერს. უფრო მეტიც, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის და დამოუკიდებელი ტელეკომპანიის მფლობელის გარდაცვალების მიზეზი არ დაიმალებოდა და ეს მიხეილ სააკაშვილს კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნიდა.

პასუხგაუცემელი კითხვა: მოკლეს თუ არა ბადრი პატარკაციშვილი

რა მოხდა რეალურად, თუ ეს ჩანაწერები ავთენტურია და არა გაყალბებული, ან როგორც ამბობებ ხოლმე, „სამონტაჟო ხელოვნების“ შედეგი. საგულისხმოა, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, ჩანაწერების ნამდვილობა დაადასტურა, იდენტიფიცირებულია ხმებიც. სავარაუდოდ, გარკვეული დროის შემდეგ, დასკვნას დადებს ევროპული ექსპერტიზაც. მას არ გაუჭირდება დაადგინოს, როდის არის საუბარი ჩაწერილი, 2007 წელს თუ 2014 წელს, ანუ მას შემდეგ, რაც საუბრის ფიგურანტები დააპატიმრეს.

დავუშვათ, რომ ჩანაწერების ავთენტურობა საბოლოოდ დადასტურდა. სხვისი არ ვიცი, მე კი, ვფიქრობ, რომ გამჟღავნდა, სულ ცოტა „მაღალჩინოსანი ბიჭუნების“ უპასუხისმგებლო, თვითშემოქმედება. „ბიჭუნების“, რომელთა ხელში, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შედეგად უზარმაზარი ძალაუფლება აღმოჩნდა და  ისინიც ცდილობდნენ „ამოეცნოთ“ რა ეამებოდა „პატრონს“. მოქმედებდნენ „თამამად“. არასოდეს უფიქრიათ, რომ ეს „თამამი“ საქციელი წინ დახვდებოდათ და მათი, ისე როგორც „პატრონის“ იმჟამინდელი მდგომარეობა არ არის უსასრულო... ეს ვარაუდია, შესაძლოა სხვაგვარად იყო და „პატრონი“ სულაც, თავშია!