თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. თელავის სამხედრო ბაზაზე რეზერვისტთა ფიცის დადებით დაიწყო საქართველოს შეიარაღებული ძალების აქტიური რეზერვის საპილოტე პროგრამა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
საქართველოს უშიშროების საბჭომ შეიარაღებული ძალების რაოდენობაზე გადაწყვეტილება მიიღო >>
რეზერვისტები 5 წლის განმავლობაში იმსახურებენ და მათი შრომის ანაზღაურება ყოველთვიურად წოდებრივი სარგოს 20%-ს შეადგენს. სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდში კი ისინი შრომის ანაზღაურების სრულ ოდენობას მიიღებენ. საბრძოლო მომზადება წლის განმავლობაში 45 დღეზეა გათვლილი.
„მინდა გულითადად მოგილოცოთ ეს ისტორიული დღე, რადგან ჩვენ ვაყალიბებთ რეზერვის ახალ სისტემას, რომელიც არის ჩვენი თავდაცვის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ელემენტი“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.
მისი თქმით, სამინისტროს პოლიტიკა ორ მნიშვნელოვან პრინციპს - შეკავებას და თავდაცვას ეყრდნობა.
„როდესაც შეკავებაზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს ქართული შეიარაღებული ძალების ისეთი სიძლიერე, რომელიც იქნება ეფექტიანი აგრესიის თავიდან ასაცილებლად, რათა მტერმა გაიაზროს, თუ რა დიდი სამხედო ზიანი შეიძლება მიადგეს მას ჩვენი სიძლიერით, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის განსაკუთრებული დონით. როდესაც თავდაცვაზე ვსაუბრობ, მხედველობაში მაქვს სამხედრო გზით სამხედრო აგრესიის შეკავება და შეჩერება“, - განმარტა იზორიამ.
მან აღნიშნა, რომ საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის თავდაცვის პოლიტიკას საფუძვლად უდევს ტოტალური თავდაცვისუნარიანობის კონცეფცია, რომელიც ყველა რესურსის დროულ მობილიზაციას გულისხმობს.
საქართველოში რეფორმის შედეგად სარეზერვო სამსახურის ორი სახეობა არსებობს - აქტიური და სამობილიზაციო რეზერვი.
სამობილიზაციო რეზერვი, აქტიურისგან განსხვავებით, სავალდებულო ხასიათისაა. მისი მიზანია შეიარაღებული ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსება.
აქტიური რეზერვი, რომელიც ამ ეტაპზე საპილოტე პროექტს წარმოადგენს, შედგება შეიარაღებული ძალების რეზერვისგან, ტერიტორიული რეზერვისა და სპეციალისტების რეზერვისგან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა და 2018 წლის იანვრისთვის ის საბოლოოდ ჩამოყალიბდა.