რომელ ქუჩებზე დაწესდება პარკირების საათობრივი გადასახადი

ქალაქის ზონებად დაყოფა და ახალი სატარიფო სისტემის შემოღება პარკირების ყოველწლიური გადასახადის გაუქმებას არ ითვალისწინებს.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. პარკირების საათობრივი გადასახადი პირველ ეტაპზე თბილისის ორ რაიონში – ძველ თბილისსა და საბურთალოზე დაწესდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის მამუკა მუმლაძის განცხადებაზე დაყრდნობით.

პარკირების ახალი მოდელი, რომელიც ზონალურ პარკირებას ითვალისწინებს, მომავალი წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. ზონალური პარკირება ქალაქის ზონებად დაყოფასა და დიფერენცირებულ სატარიფო სქემას გულისხმობს. მაგალითად, თუ მძღოლი ცენტრალურ უბანში თავისი ავტომობილით გადაადგილდება და ავტომობილის შენობასთან ახლოს გაჩერება სურს, პარკირებისთვის საათობრივი გადახდა მოუწევს. მძღოლს ექნება სხვა ალტერნატივაც – შეარჩიოს ადგილი, სადაც პარკირება უფასოა, ხოლო საბოლოო დანიშნულების ადგილამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მივიდეს.

ბიზნესი პარკირების ადგილზე დაუშვებელია – კალაძე ჯარიმების გაზრდის ინიციატივით გამოვიდა>>

კერძოდ, ძველ თბილისში საათობრივი პარკირება საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება, მოიცავს ყველა ახლომდებარე ქუჩას ზაარბრიუკენის მოედნამდე და ამაღლების ქუჩამდე. რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, საათობრივი პარკირება დაწესდება შარტავას, კოსტავას, პეკინის, ვაჟა-ფშაველას, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებზე და გამზირებზე.

„ჩვენი მიზანია, რომ ქუჩები გამტარიანი გავხადოთ. რატომ ეს ორი რაიონი? – ძველი თბილისი ტურისტულად მიმზიდველია, ხოლო ვაკე-საბურთალო ძირითადად საოფისე ადგილებია. ამ ორ რაიონში უნდა გავაძლიეროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ავტობუსები დავამატოთ და მოსახლეობას ვუთხრათ, რომ კერძო ავტომობილებიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადმოსხდნენ", – აღნიშნა მუმლაძემ.

2019 წლის იანვრიდან თბილისში პარკირების ახალი მოდელი ამოქმედდება

არსებული ინფორმაციით, პარკირების საათობრივი საფასური, შესაძლოა, 20 თეთრიდან დაიწყოს, საცხოვრებელ სახლთან კი ავტომანქანის პარკირება უფასო იქნება.

ქალაქის ზონებად დაყოფა და ახალი სატარიფო სისტემის შემოღება არ ითვალისწინებს პარკირების ყოველწლიური გადასახადის - 50 ლარის გაუქმებას.

თბილისში პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 2007 წლიდან კომპანია „სითი პარკს" ჰქონდა, თუმცა 2018 წლის 10 აპრილიდან კომპანიასთან თბილისის მერიამ კონტრაქტი გააუქმა და მისი ფუნქციები, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" შეითავსა.

მანამდე თბილისის მერმა კახა კალაძემ 2018 წლის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად სატრანსპორტო სისტემის განვითარება დაასახელა. არსებული ინფორმაციით, თბილისის მერია უახლოეს კვირაში წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, თუ როგორი იქნება ქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკა.