ტურიზმის ადმინისტრაცია: ბინების გაქირავებაზე გადასახადების დაწესება არ იგეგმება

საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ Airbnb–ის საშუალებით კვლავ გასცენ ბინები უცხოელებზე
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი  – Sputnik. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უარყო გავრცელებული ინფორმაცია ტურისტულ ვებ–გვერდ  Airbnb–ზე რეგისტრირებულ  ბინებთან  დაკავშირებით რაიმე ტიპის შეზღუდვების  ან გადასახადების შემოღების თაობაზე.

Discount Week: საქართველოში ფასდაკლებების კვირეული დაიწყო>>>

საქართველოს მოქალაქეებში, რომლებიც საკუთარ ბინებს ტურისტებზე აქირავებენ, შეშფოთება გამოიწვია ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი ჩოგოვაძის განცხადებამ, რომ Airbnb–ი საქართველოს ბევრი სასტუმროსთვის კონკურენტი გახდა და საკითხი ბევრს აღელვებს. როგორც მან აღნიშნა, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად ექსპერტები სხვა ქვეყნების გამოცდილებას სწავლობენ.

 „ჩვენ კიდევ ერთხელ  ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია Airbnb-ზე რეგისტრირებულ ბინებთან და აპარტამენტებთან დაკავშირებით რაიმე ტიპის რეგულაციების შემოღების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაცია მიესალმება საქართველოში ჩამოსული ტურისტებისთვის რაც შეიძლება მეტი განთავსების ობიექტის – აპარტანენტებისა და კერძო ბინების –  არსებობას. 

ტურიზმის გურუები თბილისში მოგზაურობის მსოფლიო ფორუმს დაესწრებიან

 „ეს საშუალებას გვაძლევს, ქვეყანამ მეტი ტურისტი მიიღოს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ტურისტული ნაკადების ზრდის მიმართულებით, რაც სხვადასხვა დადებით ეკონომიკურ ფაქტორებთან ერთად გულისხმობს იმ მოქალაქეებისთვის დამატებით შემოსავლებს, რომლებიც ტურისტებზე ბინებს აქირავებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ონლაინ–პლატფორმა Airbnb–ით, სადაც მოგზაურები მოკლევადიანი ვიზიტებისთვის ბინებს ეძებენ, საქართველოში აქტიურად გამოიყენება. კერძოდ, მცირე მეწარმეები ბინებს ან ოთახებს სწორედ Airbnb–ის დახმარებით გასცემენ. მრავალი ოჯახისთვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. ოფიციალური მონაცემებით, 2018 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს 6,8 მილიონი ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის მონაცემებთან შედარებით 11,2%–ით მეტია.