სამოთხე ინვესტორებისთვის: საქართველოს პოზიცია კონკურენტუნარიანობის რეიტინგში გაუმჯობესდა

დაბალი გადასახადები და ბიუროკრატიის არარსებობა – საქართველოში ბიზნეს-გარემოს ძირითადი უპირატესობებია.
Sputnik

თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში 140 ქვეყანას შორის 66-ე ადგილს იკავებს, ქვეყანამ თავისი შედეგი ერთი პოზიციით გააუმჯობესა.

რას მოუტანს საქართველოს  უცხოელებისთვის დაგეგმილი შეღავათები

გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი შეიცავს სამ ძირითად ბლოკს 12 მაჩვენებლით, რომელთა მიხედვითაც ფასდება ქვეყნის ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური სტაბილურობა, სანიტარიული პირობები, საბაზისო განათლება, შრომის ბაზრის მდგომარეობა და სხვა პარამეტრები.

კვლევის ავტორებმა საქართველოს მაქსიმალური შვიდიდან ოთხი ქულა მიანიჭეს. რეიტინგის თანახმად, საქართველომ თავისი მაჩვენებლები გააუმჯობესა დაწესებულებების მუშაობის, ადამიანური კაპიტალის, სასურსათო ბაზრისა და ინოვაციების სისტემის თვალსაზრისით.

რეიტინგის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქვეყნის ბიზნეს-ომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.

„რეიტინგში გაუმჯობესება იმ მაჩვენებლებში წინსვლით არის გამოწვეული, რომლებიც ბიზნესის წარმოების ხელსაყრელ პირობებს ქმნის. მთავარი პრიორიტეტი, რომელიც საქართველოს აქვს რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით – დაბალი ბიუროკრატია და დაბალი გადასახადებია. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები ევროკავშირთან, ჩინეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან საქართველოს აძლევს მნიშვნელოვან უპირატესობას ბიზნესის წარმოების პროცესში", – განაცხადა ლექვინაძემ.

მისი თქმით, კონკურენტუნარიანობის რეიტინგში ადგილი მნიშვნელოვანია, რადგან ამას ყურადღებას აქცევენ ინვესტორები.

„ეს არის ინვესტორებისთვის ძალიან კარგი სიგნალი, რომ დაინტერესდნენ საქართველოთი და განახორციელონ ბიზნეს-საქმიანობა საქართველოში", - აღნიშნა ბიზნეს-ომბუდსმენმა.

ინვესტიციები საქართველოში გაიზარდა: ვინ ლიდერობს ამ მხრივ>>

კონკურენტუნარიანობის გლობალურ ინდექსში პირველ პოზიციებზე არიან აშშ, სინგაპური და გერმანია, ხოლო რეიტინგის ბოლოში – ჰაიტი, იემენი და ჩადი.

რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, სომხეთს 70-ე ადგილი უკავია, აზერბაიჯანს – 69-ე, თურქეთს – 61-ე, რუსეთს – 43-ე.